„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი, მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ შენობების მედეგობასთან დაკავშირებით, მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს, რომ ყველამ იცოდეს, რამდენად დაცულად უნდა იგრძნოს თავი. ასე უპასუხა სალუქვაძემ BMG-ს შესაბამის კითხვას.
„ის, რომ სიტუაცია არ არის დასამშვიდებელი, მე მგონი, თითოეული ჩვენგანი კარგად ვგრძნობთ. ის, რომ ახალ მშენებლობებსაც შეიძლება ემუქრებოდეს საფრთხე, ესეც ვნახეთ, თუ უხარისხოდ არის აშენებული. როცა ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს შენობების მედეგობასთან დაკავშირებით, ძალიან რთულია გავაკეთო განცხადება, ჩვენ მშვიდად შეგვიძლია ყოფნა თუ არა. ამ ყველაფერს სჭირდება კვლევა, ინსპექტირება, მონიტორინგი.
ის, რომ ბევრი შენობა კერძო საკუთრებაშია, არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფომ აქტიურო ზომები გაატაროს. რადგან შედეგი მერე ყველას ერთნაირად შეგვეხება. ის შედეგი არც ერთ შემთხვევაში კარგი არ იქნება. ბევრი მექანიზმი იქნება ჩასართველი იმისთვის, რომ ენერგოეფექტური და სეისმომედეგური შენობები გვქონდეს. საჭიროა ალბათ კანონმდებლობის მიღებაც, თუ საჭიროა მონიტორინგიც უნდა არსებობდეს, რადგან ჩვენ უნდა გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ სად ვცხოვრობთ და რამდენად დაცულად შეგვიძლია ვიგრძნოთ თავი“, - განაცხადა სალუქვაძემ.