მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად შეუძლია აზერბაიჯანს გახდეს საქართველოს კონკურენტი ტურიზმში?

5ff32fcfe6c8f
თამთა ჯიჯავაძე
05.01.21 10:20
2254
„2021 წლის ჩემი სამოგზაურო ოცნება: მკითხველთა ტოპ 12 მიმართულება“, - ამ სათაურით პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი 12 ტურისტულ მიმართულებას ასახელებს, სადაც 2021 წელს Guardian-ის მკითხველი მოგზაურობას ისურვებდა - მათ შორისაა საქართვლოც. სტატიაში ნახსენებია საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანიც. 

ბოლო რამდენიმე წელია აზერბაიჯანის მთავრობა ტურიზმს უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. რამდენად კონკურენტუნარიანი შეიძლება გახდეს აზერბაიჯანი როგორც ტურისტული მიმართულება სამხრეთ კავკასიაში საქართველოსთან შედარებით? - ამ კითხვით bm.ge-მ ტუროპერატორ ლაშა ბერეკაშვილს მიმართა. მისი თქმით, შეიძლება აზერბაიჯანმა ტურისტებს ვერ აჩვენოს ბაკურიანი, გუდაური ან სვეტიცხოველი, თუმცა თუ ის აჩვენებს სერვისის მაღალ ხარისხს, მაშინ ბევრი ტურისტი წავა ამ ქვეყანაში, რაც საქართველოზე ცუდად აისახება.

„სამხრეთ კავკასიაში კონკურენტი, კარგი გაგებით, ამ დრომდე არ გვყავდა. მაღალი ხარისხი არის ახლაც და, ზოგადად, 21-ე საუკუნეში კონკურენციის კუთხით გადამწყვეტი და არა ის, ვის რა სანახაობა აქვს, ვინაიდან ეგვიპტეში არის მაგალითად პირამიდები, მაგრამ უსაფრთხოების პრობლემების, არაკომფორტულობის გამო, ახლა, ტურისტულად მაინც და მაინც  დატვირთული არ არის ეს ქვეყანა. ამგვარად, ვისაც ექნება მაღალი დონის სერვისი, მაღალი დონის ტრანსპორტირება, უსაფრთხოება კოვიდის პერიოდში, ის ქვეყანა იქნება 2021 წელს ტურისტებისთვის პრიორიტეტი“, - განმარტა ლაშა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა ქვეყანა თანაბარ დონეზე იქნება, შესაბამისად, ყველას თანაბარი ტურისტული შესაძლებლობები აქვს, რაც სწორად უნდა იქნეს გამოყენებული.

„თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, მაშინ სხვა ქვეყნები წაიღებენ ჩვენს ტურისტულ ნაკადებს. აზერბაიჯანს აქვს მაღალი დონის ინფრასტრუქტურა, თურქეთის ძლიერი ლობი და მხარდაჭერა, ყველაფერი აქვს ამ ქვეყანას იმისთვის, რომ რაღაც ეტაპზე ხელი შეგვიშალოს“, - აღნიშნა ტუროპერატორმა.

რაც შეეხება სომხეთს, ლაშა ბერეკაშვილის თქმით, იქ არსებული ბოლოდროინდელი დაძაბული ვითარება „დადებითად“ აისახება საქართველოზე, - „ამიტომაც ვფიქრობდით, რომ თუ კარგად ვიქნებოდით მზად წელს, ის ნაკადები, რომლებიც სომხეთში უნდა წასულიყო, წამოვიდოდა საქართველოში, მაგრამ ჩვენ თუ მზად არ დავხვდით, მაშინ ისინი წავლენ აზერბაიჯანში“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები