მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს "რუსთავის ფოლადს"?

633d4d5141e38
შოთა ტყეშელაშვილი
05.10.22 18:55
1364
კომპანია "რუსთავის ფოლადმა" საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროვა. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი მეტალურგიული საწარმოს შემოსავალმა, 2021 წელს 338 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 115 მილიონი ლარით მეტი იყო. ეს “რუსთავის ფოლადისთვის” გაყიდვების ზრდის ისტორიულად დიდი მაჩვენებელი იყო.

შედეგად, კომპანიამ უჩვეულოდ დიდ - 69 მილიონიან მოგებაზე გასვლა შეძლო.

“2020 წელს კომპანიამ დაიწყო 35 ტონიანი მოცულობის ახალი რკალური ღუმელის მშენებლობა. 2021 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში კომპანიამ წარმატებით დაასრულა ახალი 35 ტონიანი ღუმელის მშენებლობა, რამაც ფოლადის წარმოების მთლიანი მოცულობა გაზარდა 400 000 ტონამდე წელიწადში. ახალი რკალური ღუმელი აწარმოებს მრგვალ ნამზადებს უნაკერო მილებისთვისაც, რაც მთლიანი წარმოების პროცესის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. 2021 წელს კომპანიამ დაიწყო ახალი გამათბობელი ღუმელის შექმნა არმატურის გლინვისთვის, საწარმოს ეფექტურობის და წარმადობის გაზრდის მიზნით,”- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

შპს "რუთავის ფოლადი" 2011 წელს შეიქმნა. კომპანიის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მას ორი მშობელი კომპანია - Tolanius Beheer BV (ნიდერლანდები) და Nominee SP Trustees GmbH (შვეიცარია) ფლობს. თავად კომპანიის მართვას კი Hunnewell Partners-ი ახდენს.

ანგარიშგების თანახმად, კომპანიის შემოსავლები გაყიდვიდან სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

მთლიანი შემოსავალი - 337.8 მლნ ლარი;
არმატურის გაყიდვები - 300.8 მლნ ლარი;
უნაკერო მილები - 27.8 მლნ ლარი.

ცალკეული ბაზრების მიხედვით კი, კომპანიის შემოსავლები 2021 წელს ასეთი იყო:

საქართველო - 302 მლნ ლარი;
აზია - 13.8 მლნ ლარი;
ევროკავშირი - 9.8 მლნ ლარი;
აშშ - 5.9

რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჯამური აქტივების ღირებულება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 296 მილიონ ლარს შეადგენდა, მისი ვალდებულებები კი 294 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები