ტერმინალი პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ქო-ვორქინგ სივრცეებს სთავაზობს. ამჟამად კომპანია ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე ფუნქციონირებს და მის მიერ შეთავაზებული სივრცეების საერთო ფართობი 8,782 კვადრატული მეტრია. კომპანია 883 სამუშაო მაგიდას; 50 იზოლირებულ ოფისს, 21 შეხვედრების ოფისსა და 8 საკონფერენციო დარბაზს საერთიანებს.
კომპანიის შემოსავლის წყარო მომხმარებელზე სამუშაო და საოფისე სივრცეების გაქირავებაა. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ამჟამად მაგიდის ერთი თვით დაქირავების ღირებულება 500 ლარს შეადგენს. ტერმინალის მიერ შეთავაზებულ სამუშაო სივრცეებს და განცალკევებულ ოფისებს როგორც კომპანიები და სტარტაპები ასევე ფიზიკური პირები ქირაობენ.
შპს “ტერმინალმა” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 3.1 მილიონ ლარს შეადგენდა. “ტერმინალის” საოპერაციო და ფინანსური ხარჯები შემოსავლებზე მეტი იყო, რის გამოც კომპანიამ 2021 წელს 1 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.
“კომპანიამ 2021 წელს დააფიქსირა ზარალი 1 038 001 ლარი, რაც ნაკლებია 2020 წელს დაფიქსირებულ ზარალზე -1 924 699 ლარი. ზარალი ძირითადად გამოწვეული იყო დამატებითი ფილიალების გახსნის მიზნით განხორციელებული საქმიანობით. კომპანიამ საოპერაციო ხარჯების დაფარვა აქციონერების მიერ დამატებითი ფულადი შენატანების გარეშე მოახერხა. აქციონერთა ფულადი ინვესტიცია გამოიყენებოდა საინვესტიციო აქტივობებისთვის, პერსპექტიული გრძელვადიანი საოპერაციო მიზნების მხარდასაჭერად,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
“ტერმინალის” ფილიალები ასე ნაწილდება:
• ხორავა ქ. #3;
• აბაშიძის ქ. #34;
• უნივერსიტეტის ქ. #24;
• ვარდების ბაღი (აღმაშენებელის გამზ. #73);
• ჭავჭავაძის გამზ. #37;
• ბიზნეს ცენტრი მოზაიკა (აღმაშენებელის გამზ. #61).
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივების მოცულობა 13.7 მილიონი ლარია.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის მესაკუთრეები დავით და ეკატერინა თუშიშვილები არიან.