თბილისის ელექტრომომარაგებაზე პასუხისმგებელმა კომპანიებმა “თელმიკომ” და “თელასმა” 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნეს. დოკუმენტაციის თანახმად, გასულ წელს “თელმიკოს” შემოსავალმა 676 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი იყო. მკვეთრად გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგება და მან 93.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 42 მილიონი ლარით მეტი იყო.
რაც შეეხება "თელასს", ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს კომპანიამ დენის განაწილებიდან 211 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 30 მილიონით მეტი იყო, ამასთან კომპანიის წმინდა მოგებამ 78.8 მილიონი ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“, ანუ “თელმიკო” 2020 წელს დაფუძნდა. კომპანიის მოვალეობა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საბოლოო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაა. ხოლო “თელასის” ფუნქცია ელექტროენერგიის განაწილებაა.
“2021 წლის და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის მთავარი მფლობელი (75.471%) არის „სილქ როუდ ჰოლდინგს ბი.ვი“ („მშობელი კომპანია“). მშობელ კომპანიას აკონტროლებს საჯარო სააქციო საზოგადოება „ინტერ რაო“ („საბოლოო მშობელი კომპანია“). საჯარო სააქციო საზოგადოება „ინტერ რაო“ კონტროლდება რუსეთის ფედერაციის მიერ. კომპანიის მეორე მფლობელია შპს „ენერჯი კომპანი“ (24.529%),”- ნათქვამია "თელმიკოს" კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.
დოკუმენტაციის თანახმად, “თელმიკოს” მთავარ ხარჯს ელექტროენერგიის შესყიდვა წარმოადგენდა, რაც გასულ წელს 268 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიის მიერ განაწილების მომსახურების ოპერატორისთვის (თელასისთვის) გადახდილი თანხა კი 200.7 მილიონი ლარი იყო. ელექტროენერგიის გადაცემაში “თელმიკომ” 75 მილიონი ლარი გადაიხადა, ესკოს მიმართ გადახდები კი 39 მილიონ ლარს შეადგენდა. მთლიანობაში ელექტროენერგიის შესყიდვა განაწილების მხრივ კომპანიამ 585 მილიონი ლარი დახარჯა.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, თელასმა თანამშრომელთა ხელფასებზე 63 მილიონი ლარი, თელმიკომ კი 7 მილიონი ლარი დახარჯა.