მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონით გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო შემოსავალი ტრაილერების მოსაკრებლის გაძვირებით?

62a1ac7dc3e84
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.22 13:20
8314
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის საზღვარზე გამავალი ათასობით სატრანზიტო ტრაილერისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი გააძვირა. აქამდე თითოეული ტრაილერი ამ მოსაკრებლისთვის 200 ლარს იხდიდა, თუმცა 2022 წლის 20 ივნისიდან გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარი ეღირება.

მოსაკრებლის გაძვირებით საქართველოს სატრანსპორტო დერეფნიდან შემოსავლის ათობით მილიონი ლარით გაზრდა შეეძლება. ზრდის არსებული ტენდენციის გათვალისწინებით შესაძლებელია პროგნოზირება თუ რამდენად მოიმატებს ეს შემოსავალი.

რამდენ მილიონს იღებს საქართველო სატრანზიტო გადაზიდვებიდან და რამდენად გაიზრდება ეს შემოსავალი?

მთავრობის დადგენილების თანახმად, ამ მოსაკრებლის ადმინისტრირების ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აქვს.

საქართველოს ყოველდღიურად 900-ზე მეტი ტრაილერი კვეთს. 2021 წლის განმავლობაში საქართველოს დერეფნით სულ 332,000-მა ტრაილერმა ისარგებლა, საიდანაც ბიუჯეტში 66.4 მილიონი ლარის გზათსარგებლობის გადასახადი შევიდა.

2022 წლის პირველ 4 თვეში კი ტრანზიტული სატვირთოების რაოდენობა 116,000-ს აჭარბებდა, ბიუჯეტში შესული გადასახადი კი 23.2 მილიონი ლარი იყო. თუკი წელს ტრაილერების რაოდენობის მატების წინა წლის ტრენდი (7%-ის ზრდა) შენარჩუნდება, მაშინ ქვეყანას სულ 355,000 ტრაილერი გადაკვეთს, მათგან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 90 მილიონი ლარი იქნება. 2023-ში კი ჯამური შემოსავალი სავარაუდოდ 130 მილიონ ლარს გადააჭარბებს. იმ შემთხვევაში თუ მოსაკრებელი კვლავ 200 ლარზე დარჩებოდა, მაშინ 2023 წელს ეს შემოსავალი 75 მილიონ ლარამდე იქნებოდა. შესაბამისად ბიუჯეტში მიღებული თანხის მატება 55 მილიონი ლარი იქნება.

2010 წელს, როდესაც 200 ლარის ღირებულების მოსაკრებელი ამოქმედდა ეს თანხა $120 დოლარის ეკვივალენტი იყო. დღეს კი 200 ლარი მხოლოდ 67 დოლარია. შესაბამისად 350 ლარამდე ამ მოსაკრებლის გაზრდა მის კვლავ $120-მდე (118 დოლარამდე) გაზრდას ნიშნავს.



დანიშნულების ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი ტრაილერი სომხეთისკენ მიემართება, შემდეგ არის აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები