ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის [UNWTO] პროგნოზით, 2023 წელს საერთაშორისო ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 2019 წლის 80-95%-ს მიაღწევს.
ორგანიზაციის შეფსებით, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული: აზიაში მოგზაურობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ეკონომიკური აქტივობის შენელებასა და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. UNWTO-ში მიაჩნით, რომ გაუარესებული ეკონომიკური სიტუაცია შესაძლოა, ტურისტების სიფრთხილეში ითარგმნოს რომ მოგზაურობაზე ნაკლები დახარჯონ.
UNWTO-ს განცხადებით, 2022 წელს ტურიზმი მოსალოდნელზე მეტად აღდგა. ორგანიზაციის მონაცემებიდან ირკვევა, რომ გასულ წელს 900 მილიონზე მეტმა ტურისტმა იმოგზაურა მსოფლიოს მასშტაბით, რაც პანდემიამდე მაჩვენებლის 63%-ს შეადგენს. აღდგენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ახლო აღმოსავლეთს ჰქონდა, სადაც საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 83%-ს შეადგენს 2019 წელთან შედარებით. ევროპაში აღდგენის მაჩვენებელი 80%-ს შეადგენს, გასულ წელს რეგიონში ჯამში 585 მილიონი ვიზიტი განხორციელდა. UNWTO-ს თანახმად, ევროპაში მოგზაურობაზე მოთხოვნა მომავალ წელსაც მზარდი იქნება, მათ შორის აშშ-დან. ამას ნაწილობრივ დოლართან მიმართებით შესუსტებული ევროს კურსიც განაპირობებს.
UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ 2023 წელს მეტი მიზეზია ტურიზმის სექტორში ოპტიმიზმი იყოს.
“ეკონომიკური და გახანგრძლივებული გეოპოლიტიკის გაურკვევლობის მიუხედავად, UNWTO ელოდება, რომ სექტორისთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება. ჩვენი მოლოდინით 2023 წელს ეკონომიკური ფაქტორები მოგზაურობაზე გავლენას იქონიებს, თუმცა როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით მოგზარობაზე მოთხოვნა მაღალი იქნება. ეს კი სექტორს აღდგენის მაჩვენებლის ზრდაში დაეხმარება",-ამბობს პოლოლიკაშვილი.
რაც შეეხება საქართველოს, 2022 წელს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 4 703 945 ვიზიტი განხორციელდა, რაც 39%-ით ნაკლებია პანდემიამდე პერიოდთან შედარებით. წლიური ზრდა კი 173%-ს აღემატება.
გასულ წელს ქვეყანაში 5 426 903 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. წლიური ზრდა 188%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 42%-ით ნაკლებია. აქედან ტურისტული ვიზიტი 3 652 949 იყო, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს 131.6%-ით გაიზარდა, თუმცა 28%-ით ნაკლებია პანდემიამდე პერიოდზე.