მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა მეორე კვარტალში?

6293575a97baa
თათია ჩაფიჩაძე
29.05.22 16:00
1260
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ეკონომიკის კვარტალური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 3.3%-ით გაიზრდება. შედარებისთვის, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 28.9% იყო, რაც ე.წ. საბაზისო ეფექტით იხსნებოდა.

დოკუმენტში მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა 2022 წლის მეორე კვარტალში წინა წელს დაწყებული გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის და გამოცოცხლებული საგარეო ვაჭრობის შენარჩუნებით არის ახსნილი.

ოფისის დაშვებებს იზიარებს ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილ, რომელიც bmg-თან საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანა ნელ-ნელა 2019 წლამდე არსებულ სურათს უბრუნდება, რაც წლიურ ჭრილში 3-4%ის ფარგლებში გაზრდილ ეკონომიკას ნიშნავს.

ხორგუაშვილი ფიქრობს, რომ მომდევნო თვეებში ის სარგებელი, რაც საქართველომ რუსეთიდან გაზრდილი მიგრანტებისა, თუ მათთან ვაჭრობით მიიღო, ეკონომიკაში გაუარესებული სურათის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირდება.

“მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ტრაბახობს, რომ ეს მათი დამსახურებაა, რომ შევადაროთ 2019 წელს მკვეთრად დაბალია და ეს ყველამ კარგად ვიცით. წელსაც პირველ კვარტალში ეს ინერცია გაგრძელდა იმის ხარჯზე, რომ წინა წლებში გვქონდა ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდა. ასევე დოლარის ნაკადი შემოვიდა ბევრი ქვეყანაში, რაც გამოიწვია იმან, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ბევრმა ადამიანმა საქართველოში წამოიღო რესურსები და აქ დაიწყო ხარჯვა. ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ თებერვლიდან მოყოლებული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს შეეტყო ლარის კურსაც.

რაც შეეხება მეორე კვარტალს, ჩემი აზრით, ძალიან სწორი პროგნოზი აქვს გაკეთებული საბიუჯეტო ოფისს, ჩვენ ვუბრუნდებით ისევ იმ დაბალ და მდარე ეკონომიკურ ზრდას, რაც გვქონდა 2013 წლის შემდეგ და ეს იყო საშუალოდ 3%.

ეკონომიკური პროცესი დინამიურია, სულ რაღაც ხდება, მაგრამ რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ არის ის, რომ ის დადებითი მომენტი, რაც დოლარის შემოსვლას ჰქონდა ჩვენზე, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამოიწურება. რუსეთს ძალიან მძიმე ეკონომიკური პროცესები აქვს, რაც მომავალში კიდევ გართულდება და ეს ჩვენზე აისახება იმიტომ, რომ 12-13%-ია ექსპორტის წილი, დიდია გადმორიცხვები, ეს ნაკადები მკვეთრად შემცირდება, ფასები გაიზრდება, ეს იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებაზე.

პანდემიის დროს ვისესხეთ ბევრი ფული, ახლა ამხელა ფულის შოვნა გართულდება, ძვირად მოგვცემენ. ერთადერთი მთავარი გამოსავალი შეიძლებოდა ყოფილიყო მაგალითად იმ დახმარების პაკეტში ჩაჯდომა, რასაც ყოფენ უკრაინის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენც გამოვიარეთ ის, რაც უკრაინამ, ჩვენთანაც დღემდე გრძელდება ოკუპაცია, ბორდერიზაცია. მეორე გამოსავალი აქედან არის ის, აქედანვე უნდა დაიწყოს მკვეთრი ეკონომიკური ნაბიჯები, თუმცა პირიქით ვხედავთ. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გადასახადებს ამცირებდეს, ზომას ამცირებდეს, ყველა განცხადებაში გვეუბნება იმას, რომ მისი აქტიური ჩარევაა საჭირო და სწორედ ამიტომ გვაქვს ის ეკონომიკური ზრდა, რაც 2021 წელს გვქონდა“ - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დაშვებით ტურიზმის მოცულობა მეორე კვარტალში დაახლოებით 2.4-ჯერ გაიზრდება. ამავე დროს გაიზრდება ქვეყნიდან გასული ვიზიტორების რიცხოვნობაც.

დოკუმენტის მიხედვით, ასევე გაიზრდება როგორც კერძო მოხმარების, ისე ინვესტიციების მოცულობა, რაც მთლიანი მოხმარების და ინვესტიციების ზრდას განაპირობებს. პროგნოზის განმსაზღვრელ კიდევ ერთ არგუმენტად, ვაჭრობის გაუმჯობესება სახელდება.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 14.4%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები