მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით შეამცირა მწეველთა რიცხვი თამბაქოს კანონის გამკაცრებამ და რას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა

61842ed296954
თათია ჩაფიჩაძე
04.11.21 23:20
2267
ტაქსებსა და კერძო ავტომობილებში, რომლითაც მცირეწლოვანი ბავშვები მგზავრობენ, თამბაქოს მოხმარება, შესაძლოა, აიკრძალოს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტმა, საშემოდგომო სესიაზე უნდა დაიწყოს.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, კანონდამრღვევი ტაქსის მძღოლები 200 ლარით, მგზავრები კი 100 ლარით დაჯარიმდებიან. პროცესს მონიტორინგი საპატრულო პოლიციამ უნდა გაუწიოს.

Bm.ge-თან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლელა სტურუა ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების საფუძველი პასიური მწეველობის შემცირება, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა და ბავშვების უსაფრთხოებაა.

„2017 წელს, როდესაც ამ კანონს ვიღებდით იყო გარკვეული გამონაკლისები დაშვებული და გვინდა რომ ეს მონაკლისები აღარ იყოს. ჩვენი ძირითადი მიზანია მომავალი თაობის, ახალგაზრდების და პასიური მწეველების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა პასიური მწეველობის მაქსიმალურად შემცირების ხარჯზე. ვგულისხმობ ტაქსებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის და ასევე თამბაქოს მოხმარების აკრძალვას კერძო ავტომობილებში იმ შემთხვევაში თუ იქ იმყოფება არასრულწლოვანი.“ - განმარტავს სტურუა.

კითხვაზე რა შედეგს მიაღწია ქვეყანამ 2013 წლიდან დღემდე თამბაქოს შესახებ კანონში გატარებული ცვლილებების შედეგად, დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვპასუხობენ, რომ თუკი 2016 წელს მწეველების რიცხვი 31% იყო, 2020 წლის მონაცემების თანახმად ეს რიცხვი 28%-მდე შემცირდა, ანუ წლიურად 1%-იანი კლება ფიქსირდება.

სხვა ჯგუფებთან შედარებით უფრო მეტად იკლო მწეველთა რიცხვმა მოზარდებში, თუმცა საყურადღებოა რომ ამ ჯგუფებში თამბაქო გარკვეულწილად ელექტრონული სიგარეტით ჩანაცვლდა.

„ჩვენ არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ 10%-ით შევამცირებდით წელიწადში მწეველთა რიცხვს, წლიური კლება საშუალოდ 1%-ის ფარგლებშია. განსაკუთრებით თვალშისაცემია მამაკაცებს შორის რაოდენობის კლება, თუ იყო 57%, ჩამოვიდა 48%-ზე. ქალბატონებს რაც შეეხება 2016 წელს 7%-მა აღიარა რო იყო მწეველი, თუმცა ლაბორატორიული კვლევაც ჩატარდა მაშინ და რეალური რიცხვი 12%-ს აღწევდა, რაც შეეხება მოზარდებს, თუ 2015-ში 18% იყო, 2019 წელს ეს 12%-მდე ჩამოვიდა. სამწუხარო არის ის, რომ არიან ისეთი მოზარდებიც, რომლებმაც მოხმარება დაიწყეს ელექტრონული სიგარეტით ან აიქოსით.“ - განაცხადა სტურუამ.

აღსანიშნავია, რომ შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, იგეგმება ელექტრონული სიგარეტის სითხეებზე გადასახადების გაზრდა და თამბაქოს სხვა პროდუქტებთან გათანაბრება, ასევე ამავე ცვლილებებით დაგეგმილია თამბაქოს ნაწარმში არომატიზატორების გამოყენების აკრძალვა.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში უკვე 3 წელიწადზე მეტია თამბაქოს მოხმარება ყველა საჯარო შენობა-ნაგებობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშია აკრძალული. NCDC-ში აცხადებენ, რომ ყველაზე ნაკლებად რეგულაციას სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია არღვევს, ყველაზე მეტად კი კანონს სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები უგულებელყოფენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები