მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებენ ბალტიის ქვეყნები ეკონომიკის დასახმარებლად - EPRC

5ead4a3a50c70
შოთა ტყეშელაშვილი
02.05.20 14:30
2045
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტი (EPRC) აქვეყნებს მიმოხილვას ბალტიის ქვეყნებისა და რეგიონის ქვეყნების მიერ მიღებული სოციალური და ეკონომიკური დახმარებების პაკეტების შესახებ. გთავაზობთ ამ დახმარებების პროგრამების აღწერას:

ესტონეთი

ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევის კრიზისული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს დახმარების პაკეტს 2 მლრდ. ევროს მოცულობით (მშპ-ს 7%). ნაწილობრივ კომპენსაციას მიიღებენ კულტურული და სპორტული ღონისძიებები რომლებიც გაუქმდა საგანგებო მდგომარეობის შედეგად. ამისათვის გამოყოფილია €3 მლნ. სტიმულირების პაკეტი საგადასახადო შეღავათებსაც ითვალისწინებს.

შემსუბუქდება წინასწარი საგადასახადო შენატანები თვითდასაქმებულთათვის. ასევე, ორი თვით გაუქმდება საპროცენტო ინტერესი საბაჟო და საშემოსავლო დავალიანებებზე. უმუშევართა დაზღვევის ფონდი მიიღებს €250 მლნ-ს. კომპენსაციები გათვლილია დაზარალებული კომპანიებისა და მათში დასაქმებულთათვის. დაზარალებული თანამშრომლები მიიღებენ კომპენსაციას €1000-მდე, ანაზღაურების 70%-ს. €1 მლრდ.

გაცემული ბიზნეს სესხების შემსუბუქებას მოხმარდება. €500 მლნ. მოხმარდება ბიზნეს სესხებს, მიმდინარე კაპიტალის ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად. €50 მლნ. გამოყოფილია საინვესტიციო სესხების სახით.

წყარო: ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა

ლატვია


ლატვიის პარლამენტმა დაამტკიცა დახმარების პაკეტი €2 მლრდ. მოცულობით (მშპ-ს 7%), რომელიც ითვალისწინებს ბიზნესებისა და დასაქმებულთა ხელშეწყობას, საგადასახადო შეღავათებს და სახელმწიფო გარანტიებს სესხებისათვის. €8 მლნ. გამოიყო, სამი თვით 4500 „წინა ხაზის“ სამედიცინო პერსონალისთვის ანაზღაურების გასაზრდელად, €2 მლნ-ს მიიღებს მასმედია, €45 მლნ. მოხმარდება სოფლის მეურნეობის სექტორს, €75 მლნ. - გზების მშენებლობას.

კომპანიები, რომლებიც ვერ ახერხებენ გადასახადების გადახდას, შეძლებენ მათ გადავადებას 3 წლის ვადით, ყველანაირი ჯარიმის და დამატებითი გადასახადის გარეშე. პაკეტი მიზნად ისახავს დაზარალებული სექტორებისათვის ზიანის შემსუბუქებას. ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, ასეთ სექტორებში დასაქმებულთა ანაზღაურების 75%-მდე (€700-მდე) დაფაროს. ანაზღაურება არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომია €900 მლნ. €200 მლნ. დაზარალებული ბიზნესების სესხების დაფინანსებას მოხმარდება და €700 მლნ. სახელმწიფო გარანტიების სქემებზე დაიხარჯება.

წყარო: ლატვიის ეკონომიკის სამინისტრო

ლიეტუვა



ლიეტუვას მთავრობამ დაამტკიცა €2.5 მლრდ. (მშპ-ს 5%) მოცულობის ფისკალური დახმარების პაკეტი. პაკეტში, პირდაპირი დანახარჯები დაახლოებით €1.1 მლრდ-ს (მშპ-ს 2.3%) უტოლდება, დარჩენილი €1.3 მლრდ. (მშპ-ს 2.6%) გარანტიებსა და სესხების მომსახურებას მოხმარდება.

მთავრობა ქირის გადასახადის 50%-იან სუბსიდირებას გაუწევს ბიზნესებს, რომლებმაც ფუნქციონირება შეწყვიტეს გამოცხადებული შეზღუდვების შედეგად. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სივრცის მეპატრონე ქირას 30%-ით შეამცირებს. მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა საპროცენტო განაკვეთის კომპენსირებისათვის გადავადებულ სესხებზე გამოყოფილია €23 მლნ. დამატებით, მათ აქვთ წვდომა რბილ სესხებზე €50 000 მოცულობით.

სესხების გასაცემად ლიეტუვას მთავრობამ €50 მლნ. გამოათავისუფლა. საშუალო და დიდი ზომის საწარმოთა ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად, პირდაპირი სესხებისა და ინვესტიციების სახით, გამოყოფილია €100 მლნ. ხელისუფლება იღებს ვალდებულებას გაისტუმროს დასაქმებულთა ანაზღაურების 60% (დაახლოებით €607-მდე). უფრო მაღალი პროცენტი აუნაზღაურდებათ კომპანიებს ისეთი სექტორებიდან, რომელთაც პირდაპირი ზიანი მიიღეს დაწესებული შეზღუდვებით.

წყარო: ლიეტუვას ეკონომიკის სამინისტრო

აზერბაიჯანი


აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკის და მეწარმეობის სტიმულირება მოეხდინა 2.5 მლრდ. მანათით (დაახლოებით $1.5 მლდრ.) რაც მშპ-ს 3%-ს უტოლდება. თუმცა პრეზიდენტის განცხადებით აუცილებლად მობილიზდება დამატებითი რესურსებიც.

სტუდენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მიიღებენ დაფინანსებას სწავლის გასაგრძელებლად. საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მეწარმეებზე, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორებში მუშაობენ. დღგ-საგან გათავისუფლდა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები.

დაზარალებული მიკრო მეწარმეები ქონებისა და მიწის გადასახადს არ გადაიხდიან. ფინანსურ დახმარებას მიიღებენ მოქალაქეები, დაახლოებით 600,000 ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილები პანდემიის გავრცელების შედეგად. ისინი მთლიანად ორი თვის მანძილზე მიიღებენ $224.5-ს, რაც საარსებო მინიმუმს უტოლდება.

საკრედიტო გარანტიების პროგრამა მიიღებს 0.5 მლრდ. მანათს ($0.3 მლდრ.) ახალი სესხების მომსახურებისათვის. არსებული სესხებისათვის კი დამატებით 1 მლრდ. მანათს ($0.6 მლრდ.). სუბსიდირებას გაუწევს არსებული(10%) და ახალი სესხების(7%) საპროცენტო განაკვეთს.

წყარო: აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრო

თურქეთი



კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად სახელმწიფომ გამოაცხადა 100 მლრდ. თურქული ლირას ოდენობის დახმარების/სტიმულირების პაკეტი (დაახლოებით $15.4 მლრდ./ მშპ-ს 2%). ბანკებმა სამი თვით გადაუვადეს ძირისა და საპროცენტო ინტერესის გადასახადები კომპანიებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემები შეექმნათ პანდემიის შედეგად. დაახლოებით 2 მილიონ გადამხდელს გადაუვადდა დღგ ექვსი თვით. საშემოსავლო გადასახადი გადავადდა ფორს-მაჟორული გარემოებებით დაზარალებული და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეთათვის.

სახელმწიფო, სამი თვის მანძილზე, ანაზღაურების 60%-ს გაუსტუმრებს იმ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის შედეგად ფუნქციონირება შეწყვიტეს. მოკლევადიან დახმარებაზე 2 მილიონზე მეტი განაცხადი შევიდა. მთავრობა გაისტუმრებს ჯანმრთელობის დაზღვევის ვალდებულებასაც.

75 მლრდ. ლირა ($11.5 მლრდ/ მშპ-ს 1.5%) დაიხარჯება ფისკალურ ზომებზე, ხოლო 25 მლრდ ლირა ($3.8 მლრდ/ მშპ-ს 0.5%) გადაეცემა საკრედიტო გარანტიების ფონდს.

წყარო: საინფორმაციო მედია პორტალები

სომხეთი



ერთჯერად დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელშიც პანდემიის შედეგად არცერთი მშობელი აღარ მუშაობს, თითო შვილზე (14 წლამდე) $208-ის ოდენობით. ერთჯერად დახმარებას, $142-ის ოდენობით მიიღებენ დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს პანდემიის შედეგად. ერთჯერად, 50% და 30%-იან, შეღავათს მიიღებენ მოქალაქეები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადზე. შეღავათის ზომა განისაზღვრება აბონენტის თებერვლის თვის კომუნალური დანახარჯებით.

მცირე და საშუალო საწარმოებს ექნებათ წვდომა სესხზე 50 მლნ. დრამის ოდენობით. სესხის მოცულობა განისაზღვრება ბიზნესის კაპიტალის ბრუნვით. სესხის ხანგრძლივობა არის 36 თვემდე, მსესხებელი გადახდას იწყებს 6 თვე შემდეგ. კომპანიები, რომელთაც ყავთ 2-დან 50-მდე დასაქმებული, მიიღებენ ერთჯერად გრანტს ყოველი მეხუთე დასაქმებულის ანაზღაურების მოცულობით. ერთჯერად გრანტს მიიღებენ მიკრო მეწარმეებიც, პირველ კვარტალში კომპანიის ბრუნვის 10%-ის მოცულობით.

მეწარმეებს, კარგი საკრედიტო ისტორიით, ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ თანადაფინანსების, სუბსიდირების და რეფინანსირების სესხები მომგებიანი პირობებით. სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250 მლნ. დრამს ($521,000), საპროცენტო განაკვთი კი 6%-ს.

წყარო: საინფორმაციო მედია პორტალები

საქართველო:



საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 3 მილიარდი ლარის ოდენობის ფისკალური სტიმულირების პაკეტით, მოეხდინა სოციალურად მოწყვლადი და უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის დახმარებების გაცემა. ასევე დაეწესებინა შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე და გაეფართოვებინა საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის მოქმედება.

საკრედიტო გარანტიების პროგრამა მიიღებს 300 მილიონ ლარს ახალი სესხების მომსახურებისათვის, პროგრამა არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობასაც მოიცავს. გაფართოვდა სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამაც, მასში მონაწილეობისთვის მინიმალური სასეხო მოცულობა 50,000 ლარამდე შემცირდა, სახელმწიფოს თანადაფინანსების კომპონენტი და დაფინანსების ვადიანობა კი 36 თვემდე გაიზარდა.

ფინანსურ დახმარებას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილები პანდემიის გავრცელების შედეგად. ისინი მთლიანად 6 თვის მანძილზე მიიღებენ 200 ლარს (ჯამში 1200 ლარს) რაც საარსებო მინიმუმთან ახლოს მყოფი მაჩვენებელია. თვითდასაქმებულებისთვის კი შესაბამისი საბუთების წარდგენის შემთხვევაში 300 ლარის ერთჯერადი კომპანესაცია გაიცემა.

750 ლარამდე ხელფასი სრულად გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისგან, 1500 ლარამდე ხელფასში კი პირველი 750 ლარი გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან (მხოლოდ კერძო სექტორში).

სოც. დაუცველთა ბაზაში 65 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მყოფი ოჯახები ოჯახის ყოველ წევრზე 35 ლარის დანამატს მიიღებენ, ერთკაციან ოჯახზე კი კომპენსაციის დანამატი კი 70 ლარი იქნება. ასევე ამ ოჯახებში 3-ზე მეტი არასრულწლოვნის (16 წლამდე) შემთხვევაში, დახმარებას 100 ლარი ემატება. შშმ პირთათვის კი 6 თვის ვადით დამატებით 100 ლარის კომპენსაცია ჩაირიცხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები