მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს საქართველოს შრომითი მიგრაციის კანონში შესატანი ცვლილებები?

631d9c5622369
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.22 12:27
1029
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ შრომითი მიგრაციის კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათ ცნობით, შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილეს, რომლის მიზანი შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმის გაუმჯობესება და არსებული გამოწვევების გადაჭრისათვის შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაა.

უწყებაში განმარტავენ, დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს, ლეგალურ შრომით მიგრაციას, არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას, მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებას და განვითარების მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან.

„ცვლილებების კანონპროექტი საშუამავლო კომპანიების საქმიანობის ლეგალიზაციას და საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), მიგრაციის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სამუშაო შეხვედრას სოციალური პარტნიორები, საჯარო და კერძო სექტორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასაქმების კერძო სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნია, რომ კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს, უახლოეს პერიოდში წარედგინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები