რატომ ამბობს „ქართული ოცნება“, რომ პრეზიდენტმა ისინი მოატყუა? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს.
„ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენების შემდეგაც საუბარი იყო ფინანსთა მინისტრის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნის თაობაზე. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია? ფაქტობრივად, ვეტო იმიტომ იქნა გამოყენებული, რომ ნათელი იყო, რისთვის სჭირდებოდათ ეს მანიპულაცია, რასაც ახლა აკეთებენ, როგორ მოხდებოდა მათთვის სასურველი პრეზიდენტის მიღება. ამიტომ ცოტა უცნაურია ეს განცხადება და საჭიროებს ზუსტ ახნა-განმარტებას. ფაქტობრივად, უქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს როლი. რას ნიშნავს ეს და რამდენად შეესაბამება სიმართლეს? რატომ ამბობს „ქართული ოცნება“, რომ ფაქტობრივად პრეზიდენტმა ისინი მოატყუა?“, - მიმართა რომან გოცირიძემ მსხილაძეს.
რაც შეეხება მეორე კითხვას, დეპუტატი აქვე დაინტერესდა, ემუქრება თუ არა საფრთხე სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებას, ვინაიდან IMF-მა საკმაოდ მკაცრი განცხადება გაავრცელა.
„ორი დღის წინ მკაცრი განცხადება გააკეთა სავალუტო ფონდმა. დაგმო ეს ცვლილებები და ასეთი სიტყვაც გამოიყენეს, რომ ჩვენ განცვიფრებული ვართ, რომ პარლამენტი კიდევ დაუბრუნდა ამ საკითხს. თქვენ როგორ ფიქრობთ, სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებას ემუქრება თუ არა საფრთხე და შემდეგ როგორ აისახება ეს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე“, - მიმართა გოცირიძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილებოდა სებ-ის საბჭოს წევრად და ეს პრეზიდენტმა დაადასტურა:
„ჩვენ დავადასტურეთ, რომ ლაშა ხუციშვილი განიხილებოდა კანდიდატად, უბრალოდ პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. აქ არის ერთი რამ - როცა საუბრობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, თუნდაც ეს მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო იყოს, მას არ აქვს არანაირი უფლება, რომ ჩაერიოს პრეზიდენტის კომპეტენციაში, და შევიდეს სებ-ის იმ კომპეტენციებში, რომელიც მას საერთოდ არ ევალება“, - თქვა მსხილაძემ.
შეგახსენებთ: დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი "ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.
კანონპროექტს ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. სალომე ზურაბიშვილი განმარტავდა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ იყო.
რაც შეეხება თავად ცვლილებებს, ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. ცვლილებების პროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.
თუმცა, გასულ კვირას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯეიმს ჯონი გასული კვირის მიწურულს ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკას" გამოეხმაურა, რომელიც ეროვნული ბანკის საკითხს მიეძღვნა. IMF-ის წერილობით განმარტებაში, რომელიც „ანალიტიკამ“ მიიღო, აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაოგნებულია პარლამენტის განცხადებით, რომ ის აპირებს, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცოს ის ცვლილებები, რაც სსფ-ის მოსაზრებით, დააზიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას“.