მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის საცობები დედაქალაქში? - კახა კალაძის პასუხი

632abe277ffec
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.22 11:31
4467
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბოლო დღეებში დედაქალაქში შექმნილ სატრანსპორტო კოლაფსზე ისაუბრა და მისი გამომწვევი მიზეზები დაასახელა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თვლის, რომ სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის დაწყების შემდეგ მთავარ ქუჩებზე საცობები მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესმა განაპირობა.

„ბევრს უჩნდება კითხვა - რატომ არის ასეთი საცობები ქალაქში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, პასუხი ძალიან მარტივია. ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, რომელსაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში არავინ შეჰხებია, ეს არის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა.

მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო ცენტრალურ ქუჩებზე შეინიშნება გადატვირთული მოძრაობა და გართულებული გადაადგილება. ეს ყველაფერი განპირობებულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც მუნიციპალიტეტმა ორ მნიშვნელოვან გამზირზე მელიქიშვილზე და ქეთევან წამებულზე დაიწყო. არაერთხელ ვთქვი, რომ სადაც სამუშაოებით შევდივართ გვინდა მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ ქუჩა თუ გამზირი თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამას თან ახლავს დისკომფორტი და პრობლემები.

ისიც არ უნდა მოგვივიდეს, რომ მთლიანად კოლაფსი მოვახდინოთ და 3-4 გამზირის რეაბილიტაცია ერთდროულად ვაწარმოოთ, მაგრამ ამ გამზირების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ მელიქიშვილსა და ქეთევან წამებულის გამზირებზე მცხოვრებ ოჯახებს მადლობა გადაუხადა, იმისთვის რომ გაგებით ეკიდებოდნენ შექმნილ დისკომფორტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები