ავიარეისების სიხშირე პანდემიამდელ ნიშნულს ჯერ არ დაბრუნებია, თუმცა მოგზაურობაზე მოთხოვნა მზარდია და თან მიუხედავად იმისა, რომ ავიაბილეთების ფასი გაზრდილია. მაგალითად, Blommberg-ის ინფორმაციით, აშშ-დან საერთაშორისო ფრენებზე ფასის ზრდა 30%-ს აღემატება. „ავიაცია პრეპანდემიურ პერიოდს 2024 წლისთვის დაუბრუნდება“ - ასეთია Eurocontrol-ის განახლებული პროგნოზი.
რატომ ძვირდება ავიაბილეთები? - ესაა მოგზაურეობის მხრიდან ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირადსმული კითხვა. პასუხად კი, დარგის სპეციალისტები და საავიაციო ბიზნესში ჩართული ადამიანები მთავარ ფაქტორებს შორის ჯერ კიდევ ბოლომდე არაღდგენილ ავიასიხშირეებს და საავიაციაო საწვავის ფასის ზრდას ასახელებენ. ფაქტორებს შორისაა რუსეთ-უკრაინის ომიც.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, საავიაციო საწვავზე ფასი ბარელზე 170 დოლარამდეა გაზრდილი. IATA-ს ცნობითვე, ერთ კვირაში ფასი თითქმის 8%-ით, ხოლო წლიურად 120%-ით არის მომატებული. აღსანიშნია, რომ ჯერ კიდევ აპრილში გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც ავიაციაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზე შეეხებოდა, IATA საავიაციო საწვავზე ფასის ზრდას პროგნოზირებდა იმ შემთხვევაში თუ სანქციები რუსეთის ენერგოსექტორსაც შეეხებოდა. ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიამდელ პერიოდში საწვავის ხარჯები ავიაკომპანიის საოპერაციო ხარჯების, დაახლოებით, მეოთხედს შეადგენდა. ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ ბარელის ფასი 150 დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად 120%-იანი მატებაა.
“ნებისმიერ ავიაკომპანიას, იქნება ეს ბიუჯეტური თუ - არა, ბილეთის ფასი საგრძნობლად მომატებული აქვს. მიზეზი საწვავზე გაზრდილი ფასია. ავიაკომპანიის ხარჯები თვითმფრინავში ერთი სკამის მიხედვით ითვლება და ამ ხარჯის 35-40%-მდე საწვავის ფასზე მოდის. გამომდინარე იქინდან, რომ საწვავი გაძვიარებულია, ეს ზრდის ავიაკომპანიების ხარჯს, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს მგზავრებზე. ამას გარდა, ავიაბილეთების ფასზე აისახება მაღალი ინფლაციაც. ასევე, გასათვალისწინებელია რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთისთვის დაწესებული ავიასანქციები. კოვიდის გამო ავიაკომპანიებს ფინანსურად ძალიან რთული ორი წელი ჰქონდა. ამიტომ, მათთვისაც რთულია საკუთარი დანახარჯებით დაბალი ფასის შენარჩუნება”, - განმარტავს bm.ge-სთან ავიაციის ექსპერტი ირაკლი ნასიძე.
მისივე პროგნოზით, მსოფლიო ავიაციას 2019 წლის მაჩვენებელთან დასაბრუნებლად, დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება. ირაკლი ნასიძეც Eurocontrol-ის განახლებულ პროგნოზს იშველიებს - "ავიაცია პრეპანდემიურ პერიოდს 2024 წლისთვის დაუბრუნდება, რაც წლიურად 11 მლნ ფრენას ნიშნავს".
“თუ საწვავის ფასი ზრდას ასე გააგრძელებს და მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება, ეს ბილეთის ფასსა და მოთხოვნაზე აისახება. მაკროეკონომიკური ფაქტორები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული და როგორც კი ვითარება დასტაბილურდება, ეს ავიაკომპანიასა და ბილეთის ფასზეც უნდა აისახოს. ბუნებრივია, გაძვირებული ფასები ტურიზმზე ცუდად მოქმედებს და ზოგადად, ხალხის შესაძლებლობაზე, რომ იფრინონ. პირადი გამოცდილებით, შემიძლია გითხრათ, რომ თავად ავიაკომპანიის ინტერესში შედის რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საკუთარ ბაზრებს და მიმართულებები განაახლოს. ეს დღეს სხვადასხვა გარე ფაქტორის გამო შეფერხებულია. როგორც კი მსოფლიოში მდგომარეობა დასტაბილურდება და ეს საწვავის ფასზე აისახება, ავიაკომპანიები სიხშირეებს გაზრდიან და დაუბრუნდებიან ძველ ბაზრებს, ასევე, ახალ მიმართულებებს განავითარებენ. ამ წლების განმავლობაში ავიაკომპანიები განსაკუთრებით კი ბიუჯეტური კომპანიები, როგორებიცაა Ryanair და Wizzair, Boing-თან და Airbus-თან ვალდებულება აქვთ, რომ მიიღონ ახალი თვითმფინავები. ეს პროცესი ამ ყველაფრის მიუხედავად გრძელდება. შეიძლება სრულად ვერ იყენებენ მიღებულ თვითმფრინავებს, თუმცა სხვა გამოსავალი არ აქვთ. მათი მიზანია, რაც შეიძლება მალე ჩაუშვან მოხმარებაში ეს თვითმფრინავები", - ამბობს ირაკლი ნასიძე.
საავიაციო საწვავის ფასის ზრდას უკავშირების ავიაბილეთის გაძვირებას Wizzair-ის კომერციული ხელმძღვანელიც.
“ჩვენი დიდი სურვილია, რომ ისევ ბიუჯეტური ფასებით გავაგრძელოთ ოპერირება, თუმცა ამის საშუალებას არ გვაძლევს გარემო ფაქტორები. იმედი გვაქვს, შევძლებთ ფასების დაჭერას, თუმცა ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან თუკი საწვავის ღირებულება კიდევ გაიზრდება, მოგვიწევს ბილეთების ფასების ზრდა - სხვანაირად ოპერირება შეუძლებელი ხდება”, - უთხრა BMG-ის ჟაჟა ტრუბეკმა.
რატომ ძვირდება ავიაბილეთები ამ კითხვით BMG-მ საქართველოში Air France-ის წარმომადგენელ ია ხომერიკსაც მიმართა. ის ბილეთებზე ფასის ზრდას მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნით ხნის. როგორც მან BMG-სთან ინტერვიუში თქვა, პრეპანდემიურ პერიოდს ავიაკომპანიები არც სიხშირეების და არც მიმართულებების კუთხით არ დაბრუნებიან, ამის პარალელურად კი, პანდემიის შემდგომ, მოგზაურობაზე მოთხოვნა გაზრდილია. ის მოქალაქეებს ურჩევს, მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვას მიეჩვიონ.
“კოვიდის შემთხვევების კლების ფონზე მოთხოვნა გაზრდილია. თან ზაფხულის სეზონი ავიაციისთვის პიკურია. პანდემიამდელ პერიოდშიც ზაფხულის სეზონზე ბილეთის ფასი იზრდება, ასევე იზრდება ავიაკომპანიების დატვირთულობაც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და პანდემიამდელ პერიოდშიც ასე იყო. ამას გარდა, ქართულ ბაზარზე ავიაკომპანიის ბილეთი ბოლო მომენტში იჯავშნება, რადგან ქართველი მგზავრი რამდენიმე თვით ადრე მოგზაურობას არ გეგმავს. ასე ბოლო მომენტში როცა ყიდულობ, ბილეთი უფრო ძვირია. მით უფრო მაშინ, როცა სეზონიდან გამომდინარე მოთხოვნა მაღალია. ამასთან, ტურისტული ნაკადი გაზრდილია, რის გამოც ბორტზე ადგილები ნაკლებია. ფასი კატასტროფულად არ არის გაზრდილი. ჩვენი დაკვირვებით, ეს სეზონური ზრდაა და მომხმარებელმა მგზავრობის ცოტა ადრე დაგეგმვა უნდა ისწავლოს”, - აცხადებს ია ხომერიკი.
Air France-ის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ ბილეთზე გაზრდილი ფასი ავიაციის სრულ აღდგენამდე არ შემცირდეს.
“ამ ყველაფერზე რეგიონში არსებული ვითარებაც მოქმედებს. უამრავი შეზღუდვაა; რუსეთში ფრენები შეჩერებულია და ხალხი ცდილობს საქართველო-სომხეთის გავლით წავიდნენ ევროპაში. ეს უკვე ბილეთის ფასზე ახდენს გავლენას. ფასებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. ზაფხულის დატვირთვა ძალიან კარგად გამოიყურება და არც ფასი გაგვიზრდია. როგორც ვახსენე, იაფიანი ბილეთი [კლასი] ძალიან ადრე იყიდება”, - ამბობს საქართველოში Air France-ის წარმომადგენელი.
პანდემიის პერიოდის მსგავსად, ავიაკომპანია თბილისის აეროპორტიდან კვირაში ორი სიხშირით ასრულებს ფრენებს. როოგრც ის ამბობს, Air France სიხშირეების დამატებას განიხილავს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული დროის დასახელება უჭირს.
“ავიაკომპანია სიხშირის გაზრდისას მხედველობაში, პირველ რიგში, არსებულ მოთხოვნას იღებს, მეორე საკითხია რამდენად ხარჯიანია კონკრეტული რეისი. მოგეხსენებათ, საწვავზე ფასი ძალიან არის გაზრდილი, რის გამოც კონკრეტული მიმართულების დამატებისას საწვავის ხარჯებს იღებენ მხედველობაში”, - ამბობს ია ხომერიკი.