მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა ბენზინი? - ნავთობიმპორტიორთა კავშირის განმარტება

647865fc47f38
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.23 13:51
1066
ბოლო კვირების განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა. ამ პირობებში საქართველოში რიგ გასამართ სადგურებზე ბენზინის ტიპის საწვავი გაძვირდა. საწვავის გაძვირების მიზეზებზე გადაცემა „საქმიან დილაში“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს დღეისთვის საწვავის მთავარ საიმპორტო ბაზარზე არსებული მცირედი რყევების გავლენაა, რომელსაც გრძელვადიანი ეფექტი არ ექნება.

„ჯერჯერობით ისეთი არაფერი ხდება, რომ ხალხს ნეგატიური მოლოდინები შევუქმნათ. ეს რუსეთის შიდა ბაზრის საკითხია. დღეისთვის საწვავის დიდი წილი სწორედ რუსეთიდან შემოდის, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის. შეიძლება დღეს საწვავის იმპორტში რუსეთზე დამოკიდებულების წილი 90%-მდეც გაიზარდა, რადგან მაისიდან დიზელის საწვავის შემოტანაც დავიწყეთ.

სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიების გარდა, რუსეთის ბაზარზე მცირე ზომის არასანქცირებული კომპანიები ოპერირებენ, რომლებიც საწვავს სხვა ქვეყნებში ყიდიან. საქართველოს მიერ შეძენილი საწვავის მოცულობები რუსეთისთვის დიდი არ არის, ბენზინზე ფასის მატება კი რუსეთში ამ ტიპის საწვავზე შექმნილმა მცირე დეფიციტმა გამოიწვია“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ხანგრძლივ პერიოდში ბენზინის გაძვირებას არ ელიან და ეს ადგილობრივი საწვავის ბაზარზე დიდ გავლენას არ იქონიებს. ვახტანგ იობაშვილის განმარტებით, საქართველოში დიზელის ღირებულება დღეისთვის შემცირებულია, რადგან მაისიდან რუსეთიდან დიზელის იმპორტი დაიწყო. მისივე პროგნოზით, ამ ტიპის საწვავის იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, დიზელი კიდევ უფრო გაიაფებას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები