მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გამოცხადდა მორატორიუმი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე? - ასოციაციის ვარაუდი

6401e7dd70205
ინგა მურუსიძე
03.03.23 16:47
1003
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების და სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაცია/დამატება, 2023 წლის 31 დეკემბრამდე, დროებით შეჩერდა. ჯანდაცვის სამინისტროში ვრცელ განმარტებას არ აკეთებენ, თუმცა განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება და პროგრამაში ჩართულ დაწესებულებათა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრაა.

როგორც ჩანს ვრცელი განმარტება არ მიუღიათ ჯანდაცვის ასოციაციაში, რომლის პრეზიდენტი, ნინო კიკნაძე bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სიახლე პოსტფაქტუმ გაიგეს და მეტი ინფორმაცია ამ საკითხზე არ აქვთ:

„ჩვენც პოსტფაქტუმ გავიგეთ, რომ მორატორიუმი გამოცხადდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ახალი სერვისები ვერ დაემატება ვერავის. პროცესში ჩართული არ ვყოფილვართ. რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ, რომ მთავარი მიზეზი ის არის, რომ რომელიმე კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვის რომელიმე სერვისი არ გამორთოს. შესაძლოა, რომელიმე კლინიკას აღარ უნდოდეს DRG-სისტემა ქირურგიაში და მაგალითად კარდიოქირურგიაზე უარი თქვას“, - აცხადებს კიკნაძემ.

რაც შეეხება უარს ახალი კლინიკების დამატებაზე, ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ გადაწყვეტილება შესაძლოა სწორი იყოს, რადგან ეს შეიძლება გახდეს სელექტიური კონტრაქტირების საწინდარი.

„როგორც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტრო სელექტიური კონტრაქტირებისთვის ემზადება და ეს შეიძლება იყოს საწინდარი. თუმცა ყველაფერს ვარაუდის დონეზე გეუბნებით, რადგან არანაირი განმარტება არავის არ მოუცია“, - განაცხადა კიკნაძემ.

კითხვაზე, გადაწყვეტილება რამდენად შეაფერხებს კლინიკების მუშაობას და იქნება ხელის შემშლელი საქმიანობაში, კიკნაძე პასუხოს, რომ „დამაზიანებელი შესაძლოა არის საფუძველში, რადგან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, კერძო კლინიკას შეიძლება აღარ უნდოდეს რომელიმე სერვისი ჩართოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვეტილება მიიღოს. ამის უფლება უნდა ჰქონდეს კლინიკას“.

მისი ინფორმაციით, ასოციაციის რამდენიმე წევრს გასული წლის დეკემბერში ჰქონდა შეტანილი განცხადება ზოგიერთი სერვისის დამატებაზე და პასუხი ჯერ არ მიუღია. „იმედია ახალ გადაწყვეტილებას უკუქცევის ძალა არ ექნება და ეს კლინიკები პასუხებს მიიღებენ“, - თქვა კიკნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები