მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაუარესდა თხილის გამოსავლიანობა

63341da5b59ca
თათია კაკიაშვილი
28.09.22 14:03
266

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მერაბ ჭითანავას თქმით, წელს ქვეყანაში თხილის გამოსავლიანობა შემცირდა. თუკი გასულ წლებში საშუალო გამოსავლიანობა 38% იყო, წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30-35%-მდე დაიწევს. ეს ნიშნავს, რომ 100 გარჩეული თხილიდან გული 30-35 ერთეულს ექნება.

“შარშან 55 000 ტონა თხილი მივიღეთ, საიდანაც დაახლოებით 95% ექსპორტზე გავიდა. წელს, სამწუხაროდ, გაზაფხულის წვიმები თხილის რაოდენობაზე ძალიან ცუდად აისახა. ჩვენი მოსავალი წელს 40 000 ტონას გაუტოლდება. ვფიქრობთ, რომ ხარისხის მხრივ, შეიძლება, შარშანდელთან შედარებით, უკეთესი პროდუქცია გვქონდეს. თუმცა, მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თხილის გამოსავლიანობა, რომელიც ასევე მის ხარისხთან ასოცირდება და, წვიმების გამო, ეს არის საგრძნობლად შემცირებული,“ - განაცხადა მერაბ ჭითანავამ BMG-სთან.

მისივე თქმით, მიზეზი, რის გამოც თხილის გამოსავლიანობამ იკლო, სავალდებულო წამლობის გამოტოვებაა, რომელიც რეგლამენტით წელიწადში 6-ჯერ უნდა ჩატარდეს.

„ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც არ განახორციელეს ის სავალდებულო 6 წამლობა, რომელზეც თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. ხოლო იმ ფერმერებმა, რომლებმაც ზედმიწევნით შეიტანეს სასუქი, ჩაატარეს წამლობები, მოსავალი დროულად აიღეს და გააშრეს, მიიღეს ძალიან მაღალი ხარისხის და რაოდენობის მოსავალი,“ - აღნიშნა ჭითანავამ.

ცნობისთვის, ქართულ ადგილობრივ ბაზარზე გაუტეხავი თხილის ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30-35%-ით ნაკლებია. თხილის ღირებულება 2-3 ლარიდან იწყება და ხარისხის გათვალისწინებით, 4-5 ლარამდე ადის. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები