საგადასახდელო ბალანსი სტატისტიკური ანგარიშია, რომელიც კონკრეტულ ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, განხორციელებულ ოპერაციებს ასახავს. აღნიშნულის ძირითადი ნაწილი კი მიმდინარე ანგარიშია. ეს უკანასკნელი ქვეყნის სავაჭრო ბალანსსა და შემოსავლებს შორის სხვაობას ასახავს. თუ სხვაობის მაჩვენებელი უარყოფითია, მიმდინარე ანაგრიში დეფიციტურია, რაც საგარეო წყაროებიდან ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტებაზე მიუთითებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, დეფიციტური მიმდინარე ანგარიში გვიჩვენებს, რომ რეზიდენტების შემოსავლები და დანაზოგები უფრო ნაკლებია, ვიდრე ქვეყანაში არსებული მოხმარება, ხოლო სხვაობა საგარეო რესურსებით ფინანსდება. ეს რესურსები კი კაპიტალური ტრანსფერების, უცხოური ინვესტიციების და საგარეო ვალის სახით მიღებული ფინანსური ნაკადებია.
მიმდინარე ანგარიშის ძირითადი ნაწილი საქონლი და მომსახურებით ვაჭრობაა. თუ ქვეყნის სავაჭრო სალდო უარყოფითია, მიმდინარე ანგარიში დეფიციტურია, რადგან ანგარიშში მაღალი წილი ვაჭრობის კომპონენტს უჭირავს. თავის მხრივ, დეფიციტის შემცირების რამდენიმე „ბუნებრივი“ და „ხელოვნური“ მიზეზები არსებობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ძირითადი ნაწილი ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობაა. შესაბამისად, დეფიციტის შემცირების „ხელოვნურ“ მიზეზებში უმეტესწილად სავაჭრო პოლიტიკის გამკაცრება მოიაზრება. ეს კი მთავრობის მიერ იმპორტის შეზღუდვას და ექსპორტის მხარდაჭერას გულისხმობს. მაშინ, როცა იმპორტის იზღუდება, აღნიშნული ადგილობრივ მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება, ვინაიდან სამომხმარებლო კალათა უარესდება და დანახარჯები იზრდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ იმპორტზე მოთხოვნა იმპორტირებული საქონელი და მომსახურების თვისებებითა და ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით დაბალი ფასითაა გამოწვეული. ამდენად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის „ხელოვნური“ შემცირების მცდელობა მოსახლეობის სარგებლის შემცირებასთან ასოცირდება. რაც შეეხება „ბუნებრივ“ მიზეზებს, ესენი შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს: დადებითი - საგარეო მოთხოვნის არსებობის მქონე სექტორებში ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდა და შედარებითი უპირატესობის მოპოვება, რაც ექსპორტის ზრდის ტემპზე აისახება და უარყოფითი - ადგილობრივი მოხმარების შემცირება, რაც იმპორტის შემცირებაში ვლინდება. გარდა ამისა, ექსპორტ-იმპორტზე სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში ეროვნული ვალუტის რეალური გაცვლითი კურსი ცვლილებაც მოქმედებს თუ უშუალოდ კურსის ცვლილება ექსპორტ-იმპორტის ნაკადების სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ცვლილებით არ არის გამოწვეული. კონკრეტულად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში ამ ქვეყნიდან ექსპორტი იაფდება, ხოლო იმპორტი ძვირდება. ამდენად, აღნიშნული სავაჭრო დეფიციტს ამცირებს. ასევე, აღსანიშნავია ქვეყნის საინვესტიციო გარემო, როცა ის უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია. თავის მხრივ, ინვესტიციები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყაროა, ხოლო ეს უკანასკნელი კი იმპორტის ზრდაზე აისახება. შესაბამისად, დეფიციტის ფორმირებაზე ინვესტიციებს მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნია.
როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე ანგარიშის მოცულობა სავაჭრო სალდოს უკავშირდება. თუ იმპორტი იზრდება ეს ადგილობრივი მოსახლეობის მოხმარების ზრდაზე მიუთითებს, რაც ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას ნიშნავს. მოხმარების ზრდა და იმპორტზე მოთხოვნას საგარეო წყაროებიდან მიღებული ფინანსური ნაკადები უზრუნველყოფენ, სადაც მნიშვნელოვან როლს ინვესტიციები თამაშობს. უცხოური ინვესტიციების ზრდა კი ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ასოცირდება. ამდენად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის არსებობა არ შეიძლება შეფასდეს უარყოფითად, რადგან ეს უკანასკნელი ადგილობრივი მოხმარების ზრდასა და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას უკავშირდება, ხოლო მისი შემცირების მიზნით მთავრობის ჩარევა მოსახლეობისთვის ნეგატიური შედგების მომტანია, ვინაიდან ადგილობრივთა სარგებლის შემცირებას იწვევს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
დროით ჭრილში და შედარებითი ანალიზისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი/პროფიციტი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) შეფარდებით მიღებული ფარდობითი მაჩვენებლით იზომება. საქართველოს მიმდინარე ანაგრიში დეფიციტურია, რომელიც 2010-2018 წლებში მშპ-ს საშუალოდ 9,8%-ს შეადგენს. თუმცა, სანამ უშუალოდ მიმდინარე ანგარიშის განვიხილავთ, უმჯობესია დეფიციტის დაბალანსების, ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების წყაროები განვიხილოთ, სადაც არსებით როლი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს (FDI) უჭირავს. ინვესტიციების ზრდა რეზიდენტების შემოსავლების ზრდაზე აისახება, რაც გაზრდილ მოხმარებაში ტრანსფორმირდება. აღნიშნული კი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე ზრდის კუთხით მოქმედებს. ამდენად, ინვესტიციები ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების საშუალებაა.
2017 წლის ბოლო კვარტალიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ფარდობითი და აბსოლუტური მაჩვენებლები შემცირდა, რომელმაც 2018 წლის ბოლოს ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. აღნიშნულ პერიოდში, მშპ-სთან მიმართებით FDI-ს მაჩვენებელმა 3.7% შეადგინა, რაც კვარტალურად საშუალო მაჩვენებლისგან 57.1%-ით განსხვავდება. აბსოლუტურ მაჩვენებლებში კი 171.0 მლნ ლარი იყო, რაც 2010-2018 წლებში ყველაზე დაბალი ნიშნულია.
ამავე პერიოდში, ინვესტიციები (პირდაპირი, პორტფელური და ბანკების მიერ მოზიდული რესურსები) და მიმდინარე ანგარიშის ფარდობითი მაჩვენებლები თითქმის მსგავს ტენდენციას ასახავენ. გარფიკი2 აჩვენებს, რომ 2014 წლის I კვარტალიდან 2017 წლის მეორე ნახევრამდე ინვესტიციები გაიზარდა, რამაც ამავე პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა გამოიწვია. ეს კი უცხოური ინვესტიციების, როგორც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს ადასტურებს. გარდა ინვესტიციებისა, დეფიციტის დაფინანსების წყაროა მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები და ეროვნული ბანკის ოპერაციები. აქვე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის III კვარტალში მიმდინარე ანგარიში პროფიციტურია, ხოლო ამ პერიოდში ინვესტიციების მაჩვენებელმა ბოლო ათწლიან პერიოდში ყველაზე დაბალი ნიშნული დაიკავა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიმდინარე ანგარიშის ძირითადი ნაწილი სავაჭრო სალდოს - ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა ასახავს. თუ ქვეყნის იმპორტი უფრო სწრაფი ტემპით იზრდება ვიდრე ექსპორტი, დეფიციტი მცირდება. თავის მხრივ, ექსპორტ-იმპორტზე გავლენას ინვესტიციები, ტრანსფერები, სხვა შემოსავლები და ვალუტის კურსი ახდენს.
მიმდინარე ანგარიში
2018 წლის მდგომარეობით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი 6,8%-ია, რაც წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია. აღნიშნულ წელს ექსპორტი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე იმპორტი, მაგრამ, წინა პერიოდთან შედარებით, სავაჭრო დეფიციტი 4,9%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, პირველადი შემოსავლების დეფიციტი შემცირდა, ხოლო მეორადი შემოსავლების პროფიციტი გაიზარდა. შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა. თავის მხრივ, პირველადი შემოსავალი არარეზიდენტის მიერ რეზიდენტისთვის გადახდილი შრომის ანაზღაურებას და რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყანაში აქტივების ფლობიდან მიღებული შემოსავლებს მოიცავს. რაც შეეხება მეორადი შემოსავალი, ეს კი არარეზიდენტისგან მიმდინარე ტრანსფერების სახით მიღებული შემოსავლებია. მაგალითად, გრანტი, ჰუმანიტარული დახმარება, გზავნილი და ა.შ.
2019 წლის პირველ ორ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა. 2019 წლის I კვარტალში დეფიციტმა მშპ-ს 5.9% შეადგინა, რაც II კვარტალში 3,0 პ.პ. -ით, 2,9%-მდე გაუმჯობესდა, ხოლო III კვარტალში კი პროფიციტური გახდა, რამაც მშპ-ს 0.4% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო სალდო შემცირდა, რაც არა საქონელის არამედ, მომსახურების ნაწილითაა გამოწვეული. კერძოდ, მომსახურებაში ექსპორტი წინა კვარტალთან შედარებით 25.1%-ითაა გაზრდილი მაშინ, როცა საქონელის ექსპორტში ზრდა 1.7%-ია, ხოლო იმპორტის კი - 3.9%. მომსახურეობის ექსპორტში ზრდა ტურიზმს უკავშირდება, რადგან მოგზაურობის ნაწილში მომსახურება 28.4%-ითაა გაზრდილი, რაც, თავის მხრივ, მთლიანი მომსახურების ექსპორტის 75.7%-ს შეადგენს. ხოლო, თავად მომსახურების წილი მთლიან ექსპორტში ½ -ზე მეტს იკავებს.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან პირველადი შემოსავლების დეფიციტი გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის III კვარტალში აღნიშნულმა დეფიციტმა მშპ-ს 5.1% შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 1.1 პ.პ.-ით განსხვავდება. აღნიშნული მიუთითებს, რომ 2019 წლის კვარტლებში რეზიდენტის მიერ საგარეო წყაროებიდან შრომის ანაზღაურება და საინვესტიციო აქტივებისგან შემოსავლები მცირდებოდა. რაც შეეხება მეორად შემოსავლებს, ეს ანგარიში პროფიციტულია, რაც III კვარტალში არ შეცვლილა და მშპ-ს 7.6% შეადგენს. მეორადი შემოსავლების ანგარიში ისტორიულად პროფიციტულია, რაც ბოლო ათწლიან პერიოდში საშუალოდ 8.2%-ია. აღნიშნული მიზეზი ისაა, რომ რეზიდენტები გრანტებს, სოციალურ დახმარებებს, ფულად გზავნილებს და სხვა ტიპის მიმდინარე ტრანსფერებს უფრო მეტს იღებენ, ვიდრე არარეზიდენტებზე გასცემენ, რაც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნის ეკონომიკისთვის დამახასიათებელია.
დასკვნა
ბოლო პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მცირდება, ხოლო 2019 წლის III კვარტალში მიმდინარე ანგარიში პროფიციტულიც გახდა. აღნიშნულის მიზეზი ბოლო ორწლიან პერიოდში შემცირებულ ინვესტიციებია, რომელსაც გავლენა ქვეყნის სავაჭრო ნაწილზე გააჩნია. ინვესტიციების შემცირების შედეგად, იმპორტის ზრდის ტემპი შენელდა. უცხოური ინვესტიციების კლების ფონზე, იმპორტის დაფინანსება ტურიზმმა, სამთავრობო ვალმა და ტრანსფერებმა დააბალანსა.
ამავე პერიოდში, ექსპორტის ზრდას უფრო მაღალი ტემპი გააჩნია, ვიდრე იმპორტს. აღნიშნულმა სავაჭრო დეფიციტი და შესაბამისად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შეამცირა. თავის მხრივ, ექსპორტის ზრდა ტურიზმს უკავშირდება, რადგან ექსპორტის გამოკვეთილი ზრდის ტემპი მომსახურების ნაწილშია. მომსახურების ექსპორტში მაღალი ზრდა ტურიზმთან დაკავშირებულ კომპონენტებში დაფიქსირდა, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის უდიდესი ნაწილს მოიცავს.