პარასკევს მთავრობის მიერ შექმნილმა სპეციალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება - ბანკი, რომელიც მომავალში პენსიებს და სოც.დახმარებებს დაარიგებს– ამ დახმარებების ბენეფიციარებისთვის გაცემულ სესხებში განაკვეთს შეამცირებს. ამჟამად “საპენსიო სესხის” წლიური ეფექტური განაკვეთი 36%-ია, ეს პროცენტი 26%-მდე უნდა შემცირდეს. უფრო დეტალურად კი განაკვეთი რეფინანსირების პროცენტზე იქნება მიბმული და მასზე მაქსიმუმ 15%-ით მეტი შეიძლება იყოს. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ია, მას პლიუს 15% არის 25.5%, ხოლო თუკი რეფინანსირების განაკვეთი 8% ან 7%-მდე შემცირდება, მაშინ საპენსიო სესხის განაკვეთიც 23%-მდე ან 22%-მდე უნდა შემცირდეს.
თუმცა, ბანკისთვის საპროცენტო განაკვეთის ლიმიტის დაწესებასთან ერთად, მთავრობა პენსიების დარიგების წესს ცვლის. დღეს სახელმწიფო ბიუჯეტს პენსიის დარიგება 0 ლარი უჯდება, რადგანაც 800,000 პენსიონერისთვის პენსიის მიწოდებას უშუალოდ კონტრაქტორი ბანკი - “ლიბერთი ბანკი” უზრუნველყოფს. ახალი პირობების მიხედვით, მთავრობა კომერციულ ბანკს, რომელიც პენსიებს დაარიგებს ამ სერვისში დამატებით 15 მილიონ ლარს გადაუხდის. BMG-ის კითხვაზე, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პასუხობს, რომ ეს თანხა ბანკს საპროცენტო განაკვეთის შემცირებიდან მიღებულ საშემოსავლო დანაკლისს დაუბალანსებს. ამასთან, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ახალ კონკურსში ბანკებს აქვთ უფლება სესხების კიდევ უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი ჩადონ მათ შეთავაზებაში.
“თანხის დარიგებას რაც შეეხება, აქამდე ეს უფასოდ არ ხდებოდა, მაგრამ ეს იყო გადატანილი იმ პირების პროცენტზე, ვინც სესხს ემსახურებოდნენ. დარიგებას აქვს თავისი ხარჯი, ეს არაა მხოლოდ ბანკში თანხის გადარიცხვა ესაა იმ ხალში სახლში მიტანა, გარკვეულ კატეგორიაზე სპეციალური პუნქტების მოწყობა, სადაც ფეხით მიდის ხალხი. შესაბამისად, ამ თანხის მიტანა მთელი წელი უკავშირდება გარკვეულ ხარჯებს. საუბაია წელიწადში 3.4 მილიარდი ლარის დარიგებაზე. ამ ხარჯებზე იყო ბანკებში გაგზავნილი წინადადებები და უმცირესი რაც მოვიდა მათგან ამ ნაწილში შეჯერდა ეს თანხა [15 მილიონი ლარი].
რაც შეეხება პროცენტს, ეს არის თუ არა საბაზრო პროცენტი ეს არის ზუსტად ის პროცესი, რომლითაც უნდა გამოჩნდეს რა არის საბაზრო პროცენტი. ვინც უფრო დაბალ პროცენტს და უკეთეს პირობებს შემოვთავაზებს ის იქნება ტენდერში გამარჯვებული. ჭერი რაც დავაწესეთ არ არის საბაზრო პროცენტზე დაბლა. შევიდნენ ბანკები კონკურენციაში და საუკეთესო წინადადების მქონე დაარიგებს პენსიებს,”- ამბობს ფინანსთა მინისტრი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ტენდერში მონაწილეობას ორი ბანკი - “ლიბერთი ბანკი” და “საქართველოს ბანკი” განიხილავენ. ათწლეულზე მეტია, რაც საქართველოში პენსიების დარიგების სახელმწიფო ტენდერში მხოლოდ ერთი ბანკი - “ლიბერთი ბანკი” მონაწილეობდა.