რატომ ვერ რიცხავენ იმპორტიორები ჩინეთში დოლარს? - ამ კითხვით მიმართა BM.GE-მ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტს, პაპუნა ლეჟავას. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ირანთან დაკავშირებულ სატრანსპორტო კორიდორს ეხება, რაც ბანკებს ავალდებულებს, დარწმუნდნენ იმაში, რომ ტვირთი არ გაივლის ირანის ტერიტორიას ან არ იქნება გამოყენებული ირანული სატრანსპორტო კომპანია.
საქმე ისაა, რომ ბოლო დროს, ჩინეთში ამერიკული დოლარის გადარიცხვასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება. იმპორტიორთა განცხადებით, ჩინეთში გადარიცხვებისთვის, ბანკები მათ დამატებით დოკუმენტაციას სთხოვენ, რომელთა წარმოდგენა არ შეუძლიათ.
„აღნიშნული საკითხი ეხება სატრანსპორტო კორიდორს, რომელიც დაკავშირებულია ირანთან. საერთაშორისო სანქციების მიხედვით, ასეთი ტიპის ტრანზაქციები არის სანქციების დარღვევა და შესაბამისად, ბანკები მოკლებული არიან შესაძლებლობას მსგავსი ტიპის ტრანზაქციები განახორციელონ. ბანკების ვალდებულება და მიზანი არის დარწმუნება იმაში, რომ გარკვეული ტვირთი არ გაივლის ირანის ტერიტორიას ან არ იქნება გამოყენებული ირანული სატრანსპორტო კომპანია“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ BMG TV-სთან საუბრისას.
ცნობისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა: „აშშ-ის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დაცვის მიზნით, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ირანთან დაკავშირებული პირების მიმართ გაატარონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, ასევე, განახორციელონ ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების გაძლიერებული მონიტორინგი და სანქციების დარღვევის რისკის არსებობის შემთხვევაში მსგავსი ტიპის ტრანზაქციები არ შეასრულონ“, - ვკითხულობთ მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.