პროდუქციის ხარისხი, პოპულარიზაცია და უწყვეტი მიწოდება - ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ევროკავშირში ექსპორტის ძირითად გამოწვევებზე "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.
ანი კვარაცხელია აღნიშნავს, რომ პრობლემებია შეფუთვის სტანდარტების დაკმაყოფილებისა და ლოგისტიკური მიმართულებითაც.
„ქვეყნების მიხედვით პრობლემატიკა ცოტათი განსხვავდება, მაგრამ სურათი საერთო ჯამში ერთია. ევროკავშირის შემთხვევაში ბევრად უფრო გამძაფრებულია მოთხოვნები იმიტომ, რომ მაღალი ხარისხის პროდუქციაზე გვაქვს საუბარი.
ჩვენ გვაქვს პოტენციალი ბიოლოგიურად სუფთა, პრემიუმ კლასის ხარისხის პროდუქცია მივაწოდოთ ევროკავშირის ბაზარს, თუმცა მთავარი პრობლემა, რასაც მეწარმეები ასახელებენ უკავშირდება ლოგისტიკას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცოცხალ ხილზე ან სხვა ისეთი ტიპის პროდუქტებზე ვსაუბრობთ, რომელიც სწრაფ მიწოდებას საჭიროებს.
ასევე ერთ-ერთი დიდი პრობლემაა შეფუთა, რომელიც ევროკავშირს მკაცრად განსაზღვრული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კანონდებლობით ვუახლოვდებით მათ, ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა. ისინი ყოველდღიურად ხვეწავენ ადგილობრივ პროდუქციის შეფუთვის სტანდარტებსაც კი, ჩვენ კი ელემენტარულ სტანდარტებსაც ვერ ვაკმაყოფილებთ.
სამ ძირითად პრობლემას გამოვყოფ: ეს არის ხარისხი, პოპულარიზაცია, აუცილებელია სანდოობა ჰქონდეს ქართულ ნაწარმს სხვადასხვა ბაზრებზე და მესამეა მოცულობები. არ არის საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობა გავიდეს, მთავარია უწყვეტობა“ - აღნიშნა კვარაცხელიამ.