მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ ყიდის საქონელს ლედ-სანათების მწარმოებელი კომპანია ევროკავშირში

5e4513c04ccb5
ვიქტორია მღებრიშვილი
13.02.20 23:25
1905
საქართველოში ლედ-სანათების პირველი მწარმოებელი კომპანია MYGPS-ი ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი საქონლის ექსპორტს ვერ ახორციელებს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის ოპერაციების დირექტორმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

დავით ჭიჭინაძემ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც მათი წარმოებული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე გასვლაში უშლის ხელს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას საკმაოდ კარგი კავშირები აქვს ევროკავშირის ბაზარზე, ქართული წარმოების ლედ-სანათების ექსპორტზე გატანას მაინც ვერ ახერხებენ.

„ევროპულ ბაზარზე წვდომისას რამდენიმე სირთულის გამოყოფა შეგვიძლია:

ევროპულ ბაზარზე დაშვებადობის შესახებ ტექნიკური ცოდნის ხელმიუწვდომლობა. არ არსებობს ან მარტივად მიგნებადი არაა სად, რომელ უწყებასთან შეიძლება კომპეტენტური პასუხის ან რჩევის მიღება ევროპულ ბაზარზე ლედ-სანათების მიმართ საჭირო მოთხოვნების შესახებ; 

მიუხედავად რამდენიმე დიდ ქსელში გაწევრიანებისა, რთულია ევროპულ ბაზარზე საჯარო ან კერძო შესყიდვების პროცედურებზე ინფორმაციის მოძიება. ევროპულ ტენდერებზე დარეგისტრირება შესაძლებელია, მაგრამ არ არსებობს საკონსულტაციო მომსახურება და პროცედურებში გამოუცდელობა წარუმატებელს ხდის ჩვენს მცდელობას;

ხარისხის ინფრასტრუქტურის არარსებობა აძვირებს ლოგისტიკურ დანახარჯებს ახალი მოდელების შექმნისას, რადგან დროითი და ფინანსური დანახარჯები მნიშვნელოვან სირთულედ გვევლინება. ყოველ ჯერზე ახალი ნიმუშის გამოცდაზე აღნიშნული დანახარჯები ამცირებს ინტერესს და კიდევ უფრო კონკურენტუუნაროს ხდის ადგილობრივ საქონელს მოწინავე ქვეყნების ტრენდულ გადაწყვეტებთან მიმართებაში, რადგან განვითარებულ გარემოში მსგავსი ტრანსაქციული დანახარჯები ბევრად ნაკლებია. ამასთან, კონკურენციას აფერხებს ქართულ ბაზარზე კაპიტალის სიძვირე, მაშინ, როცა იგივე კაპიტალი გაცილებით იაფია განვითარებულ ქვეყნებში“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კომპანიის ოპერაციების დირექტორი აღნიშნული სირთულების გადაჭრის გზებსაც ასახელებს და ამბობს: „იმისთვის რომ ქართულმა წარმოებამ შეძლოს ევროპის ბაზარზე კონკურენციის გაწევა, საჭიროა ევროკომისიის, ევროპული საელჩოების ან სახელმწიფოს მიერ წახალისდეს მიზნობრივი ბიზნეს ასოციაციები, რომლებიც პრიორიტეტების ჩარჩოებში შეძლებენ კონკრეტულ საინფორმაციო უზრუნველყოფას ადგილობრივი მეწარმეებისათვის და ამავდროულად, შეეცდებიან გახდნენ ეფექტური ხიდები ევროპული ქვეყნების ბიზნესასოციაციებთან და კონკრეტული ქვეყნების საქმიან წრეებთან, რაც მაღალი რწმუნების ევროპული საელჩოებისვე მანდატით ნაწილობრივ მაინც დააკომპენსირებს საქართველოში წარმოებული საქონლის ტრანსაქციულ დანახარჯებს ცნობადობის ამაღლებისა და ბიზნეს-ინტერესების მატარებელი კონკრეტული პირების/ჯგუფების გამოვლენის გზით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები