მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ისაუბრეს ლევან დავითაშვილმა და ექსპორტის საკითხებში აშშ-ის ვაჭრობის მდივნის თანაშემწემ შეხვედრაზე?

643698082c449
BM.GE
12.04.23 15:50
627
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის ვაჭრობის მდივნის თანაშემწეს ექსპორტის საკითხებში თეა როზმან ქენდლერს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

„დადებითად შეფასდა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის გაზრდილი სავაჭრო ბალანსი და ასევე აშშ - დან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ზრდა“, - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათ მჭიდრო კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან. „ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით და მადლობა გადაუხადა. ასევე ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხრივ“, - აცხადებენ უწყებაში.

ეკონომიკის სამინისტროში იმასაც აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა სექტორებში.

შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და აშშ - ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს საქართველოს ინვესტორ ქვეყნებს შორის აშშ - ს მე-3, ხოლო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოთა შორის მე-7 ადგილი უკავია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები