მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რძის ქალაქი“ - რას სთავაზობს მომხმარებელს ნედლი რძის გადამმუშავებელი საწარმო

6321c9913e9f7
ვიქტორია მღებრიშვილი
19.09.22 09:30
1364
დედოფლისწყაროში, 4 მლნ ლარის ინვესტიციით ნედლი რძის პროდუქტების საწარმო „რძის ქალაქი“ ამოქმედდა.

კომპანიის დირექტორი თამარ მოდებაძე BM.GE-ს უყვება, რომ ოჯახი რძის პროდუქტების წარმოებას წლების განმავლობაში მისდევდა, თუმცა ბოლო პერიოდში საქმიანობის ბიზნესად გადაქცევა გადაწყვიტეს და ორი წლის წინ საწარმოს პროექტი შეიმუშავეს. USAID-ის, FAO-ს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გრანტებითა და პირადი ფინანსური ინვესტიციით, რამაც ჯამში 4 მლნ ლარი შეადგინა, კომპანია „რძის ქალაქის“ სახელით, ოპერირება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო.

შედეგად კომპანია საწარმოსთან ერთად, დღეს დედაქალაქში ორ, ხოლო დედოფლისწყაროში ერთ მაღაზიას მართავს. კომპანია რეგიონში, ფერმერებიდან უმაღლესი ხარისხის ნედლ რძეს იბარებს და 12-მდე დასახელების რძის პროდუქტებს აწარმოებს. 

“საწარმოს საწარმოო სიმძლავრე დღეში 20 ტონამდე რძის გადამუშავებაა. 20 ტონა ნედლი რძე რეგიონისთვის ძალიან დიდი მაჩვენებელია, ამიტომ ახლა მხოლოდ 5 ტონის გადამუშავება ხდება. შედეგად ამ ეტაპზე 10-12 დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ - რამდენიმე სახეობის ყველი, ხაჭო, კარაქი და ა.შ. საწარმო წარმოების მაღალ სეზონზე დაახლოებით 20 ადამიანს ასაქმებს, ხოლო დაბალ სეზონზე 15 სამუშაო ადგილს ქმნის“, - ამბობს თამარ მოდებაძე.

კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მართი მართვის ქვეშ არსებული ბრენდული მაღაზიების გარდა, „რძის ქალაქი“ მოთხოვნის შემთხვევაში რძის პროდუქტებით საკონდიტროებსაც აწარმოებს. ახლადამოქმედებული რძის პროდუქტების წარმოება ბაზარზე თავის დამკვიდრებას ხალმისაწვდომობითა და მაღალი ხარისხის პროდუქტებით ცდილობს. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი პროდუქტები სრულად ნედლი რძისგან მზადდება და ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე მომხმარებლის მხრიდან ინტერესი და მოთხოვნა მათ პროდუქტზე მაღალია. ამან კი კომპანიას „რძის ქალაქის“ მაღაზიათა ქსელის გაფართოებისკენ უბიძგა.

„მოთხოვნა ძალიან დიდია, ამიტომ კომპანია დედაქალაქის მასშტაბით „რძის ქალაქის“ მაღაზიების გახსნას დიდ დიღომსა და გლდანში გეგმავს. დეტალებზე ჯერ ვერ ვსაუბრობთ, რადგან საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა „რძის ქალაქის“ ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები