მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Reachnewmarkets: ქართული სუბლიმირებული ხილი EU-სა და აშშ-ის ბაზარზე იყიდება

64afecc07b041
ლიკა მეგუთნიშვილი
17.07.23 00:00
2524
ქართული ხილისგან დამზადებული ჩიფსის მწარმოებელი კომპანია „გემუანი“ ზუგდიდში 2011 წლიდან ამუშავდა. საწარმო ამჟამად 30-მდე სახეობის სუბლიმირებულ ხილსა და ბოსტნეულს აწარმოებს. როგორც მისი ექსპორტის მენეჯერი, რუსუდან სხულუხია BMG-სთან აღნიშნავს, გამშრალი საკვების ბრენდი, მხოლოდ ხილისგან, დანამატების, დამატკბობლებისა და კონსერვანტების გარეშე მზადდება, თანაც ისე, რომ ვიტამინების 98%-ს ინარჩუნებს.

„გემუანის“ ხილის ჩიფსი როგორც ჩვენს პლანტაციებზე მოყვანილი, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეძენილი ხილისა და ბოსტნეულისგან. მის დასამზადებლად გამოიყენება ყველაზე თანამედროვე, უნიკალური ტექნოლოგია, რათა ხილსა და ბოსტნეულში შენარჩუნდეს კვებითი ღირებულება, გემო, ფერი და ფორმა“, - აღნიშნავს „გემუანის“ ექსპორტის მენეჯერი რუსუდან სხულუხია.

კომპანიის წლიური წარმადობა დაახლოებით 50 ტონას შეადგენს, აქედან ადგილობრივ ბაზარზე საშუალოდ 35-40% იყიდება, დანარჩენი ექსპორტზე გადის. მთავარი საექსპორტო ბაზრები ევროკავშირის ქვეყნები და აშშ-ია. როგორც კომპანიაში ამბობენ, ყოველწლიურად ამ ბაზრებზე როგორც გაყიდული პროდუქციის მოცულობა, ასვე პარტნიორ კომპანიათა რაოდენობა სულ უფრო მზარდია.

„პროდუქცია გაგვაქვს ბელგიაში, ჩეხეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, ასევე საფრანგეთსა და გერმანიაში. აშშ-შიც გავაგზავნეთ ერთი კონტეინერი, დაახლოებით 3-ტონამდე პროდუქცია. შეერთებულ შტატებში საკმაოდ მსხვილი პარტნიორი შევიძინეთ და ერთ კვირაში იქ პროდუქციას კვლავ გავაგზავნით. მომავალში კი, საკმაოდ დიდ მოცულობებზე ვაპირებთ მუშაობს“, - განაცხადა რუსუდან სხულუხიამ.

როგორც „გემუანის“ წარმომადგენლები ამბობენ, ქართული ხილი დასავლეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანობას გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე ინარჩუნებს. კომპანიისთვის პოზიტიური გარემოებაა ისიც, რომ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროპაში, შაქარზე უარს სულ უფრო მეტი მოქალაქე ამბობს და მისი ალტერნატივა სუბლიმირებული პროდუქტებია. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ გემუანის პროდუქციით მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ინტერესდებიან. ერთ-ერთი ასეთი შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია „ნესტლეა“, რომლის ყველა მოთხოვნა, მათ შორის IFS სტანდარტი, კომპანიამ წარმატებით დააკმაყოფილა და მისი მიმწოდებელი გახდა.

„ „ნესტლესთან“ ჩვენ უკვე 5-6 წელია ვთანამშრომლობთ. ვართ კომპანიის Golden Supplier-ები და მათ საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქციას ვუგზავნით. „ნესტლესთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი გვაქვს დადებული. ძირითადად ვაწვდით სუბლიმირებულ მარწყვს, ატამს, ვაშლსა და გარგარს“, - აცხადებს „გემუანის“ ექსპორტის მენეჯერი.

„გემუანი“ ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებისა და ათვისებისთვის მუდმივად ქმედით ნაბიჯებს დგამს. ახალი სამიზნე ამჯერად საუდის არაბეთის ბაზარია და იქ პროდუქციის გატანისთვის ახლა SFDA სერტიფიცირებისთვის ემზადებიან. ტრადიციული ბაზრები „გემუანის“ ინტერესის სფერო არ არის და როგორც ამბობენ, არც არასოდეს ყოფილა. უნდათ პროდუქცია რაც შეიძლება მეტ, მაღალმსყიდველუნარიან ბაზარს გააცნონ. ამ რთული პროცესის გამარტივებაში, მათ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ეხმარება.

„USAID ჩვენი მხარდამჭერია და სხვადასხვა პოტენციურ მყიდველთან დაკავშირებაში აქტიურად გვეხმარება. ახლახან ვუმასპინძლეთ USAID-ის წარმომადგენლებსა და იმ ჩვენთვის მნიშვნელოვან პოტენციურ პარტნიორებს, რომლებთანაც სწორედ USAID-მა დაგვაკავშირა. სამომავლოდ, დიდ თანამშრომლობას ველით“, - აღნიშნავს „გემუანის“ ექსპორტის მენეჯერი, რუსუდან სხულუხია.

როგორც „გემუანში“ ამბობენ ახლა, მთავარი აქცენტი საწარმოს გაუმჯობესებაზე კეთდება. უახლოეს მომავალში საწარმოს ახალი ხაზის დამატებას გეგმავენ, რაც წლიურ წარმადობას გააორმაგებს. გარდა ამისა, სამომავლო გეგმაში აზიური ბაზრის ათვისება და იქ მსხვილი პარტნიორების მოძიებაა.

ცნობისთვის: კომპანიამ 2015 წელს GLOBAL G.A.P სერტიფიკატი მიიღო, 2017 წელს  - ISO 22000 სტანდარტის სერტიფიკატი. 2019 წელს კი, "გემუანმა" IFS სერტიფიკატის მიღებაც შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები