მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფერენტული ფასი მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფინანასებულ მედიკამენტებზე უნდა გავრცელდეს - მარგველაშვილი

642d88b530301
მარიამ ვარადაშვილი
06.04.23 10:00
494
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რეფერენტული ფასი მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსებულ მედიკამენტებზე უნდა გავრცელდეს. საკითხზე მან BMG-ს გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

მარგველაშვილი განმარტავს, რომ პოზიცია პირადად მას ეკუთვნის და არა კომპანიებს, რომლებსაც ასოციაცია აერთიანებს.

“საერთაშორისო მწარმოებლებისთვის ბაზრის რეგულაციის საკითხი დიდ როლს არ თამაშობს, რადგან ამ კომპანიების მთავარი პრინციპია კონკურენცია იყოს დაცული ბაზარზე და ასევე ხარისხობრივი კომპონენტები. საქართველოში დერეგულირებული ბაზრიდან რეგულირებულზე გადავდივართ. რეგულაციები შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი. ფასთა რეგულაციაც შეიძლება ჩაითვალოს მათ შორის გარკვეული ბაზრებისთვის პრიორიტეტის მინიჭება. საქართველოში გვაქვს პარალელური იმპორტი, რაც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბევრად გამარტივებული წესით ხორციელდება.

რომელიმე ბაზრისთვის პრიორიტეტის მინიჭება არის ფასთა არაპირდაპირი რეგულაცია. ფასთა რეგულაცია ცუდი არ არის თუ ის არ გავრცელდება იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. იმ ევროპულ ქვეყნებზე, რაზეც ვსაუბრობთ, ფასთა რეგულაცია ვრცელდება იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს ან/და სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი თანადაფინანსება აქვს. თუ გადავალთ იმ მედიკამენტების რეგულაციაზე მათ შორის, არარეცეპტულ მედიკამენტებზე და იმაზე, რაშიც სახელმწიფო ფულს არ დებს, აქ უკვე რისკები წარმოიშობა. მაგალითად, ბიზნესს შეიძლება რომელიმე მედიკამენტის შემოტანის ინტერესი დაეკარგოს”,-აცხადებს მარგველაშვილი.

ინფორმაციისთვის, მთავრობამ წამლის რეფერენტული ფასის განსაზღვრისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში გაგზავნის გადაწყვეტილება 2022 წლის ნოემბერში მიიღო. მისი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭოს უფლება, დააწესოს მედიკამენტის ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. უწყებამ ფასების დადგენა 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. სამინისტროში აცხადებენ, რომ რეფორმის შემდეგ ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები