მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულაცია ლომბარდებისთვის - ყველა დალომბარდებული ნივთი 1 აპრილამდე ერთიან პლატფორმაზე უნდა აიტვირთოს

601d576ea3614
სალომე მეცხვარიშვილი
06.02.21 00:00
6113
ლომბარდებს, უფრო ზუსტად სესხის გამცემ სუბიექტებს, სულ 2 თვე აქვთ იმისთვის, რომ ყველა დალომბარდებული ნივთი ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე ატვირთონ. პროცესი 1 აპრილამდე უნდა დასრულდეს. ელექტრონულ პლატფორმაზე ნივთების განთავსების შემდეგ კი ამ ინფორმაციაზე წვდომა შს სამინისტროსაც ექნება, შესაბამისად, შემცირდება ლომბარდების მეშვეობით ნაქურდალი ან არაკეთილსინდისიერად მოპოვებული ნივთების გაყიდვის შანსი.

რეგულაცია ასეთია - პირველი თებერვლიდან სესხის გამცემი სუბიექტები საერთო პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდნენ, პირველი მარტიდან პირველ აპრილამდე კი ინტეგრაცია მოახდინონ, ანუ ყველანაირი ინფორმაცია უზრუნველყოფაში ჩადებული ნივთის შესახებ ამ პლატფორმაზე განათავსონ. სესხის გამცემი ორგანიზაციების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია დამატებითი ხარჯი იქნება ლომბარდებისთვის.

"უნდა მოხდეს დასურათება უზრუნველყოფის საგნის და პლუს ამას უნდა მოხდეს ინფორმაციის ატვირთვა იმ ადამიანზე, ვინც ამ კონკრეტული ნივთით სესხს იღებს. ეს ინფორმაცია იტვირთება შესაბამის პლატფორმაზე. ამას პროგრამული ძალისხმევა აუცილებლად სჭირდება, ამიტომ გარკვეულ დანახარჯებთან აუცილებლად ასოცირდება, თუმცა, ამ დროისთვის რა ტიპის დანახარჯებთან იქნება ეს დაკავშირებული, ჯერ ძნელი სათქმელია. თუმცა, რა მდგომარეობაც ახლა არის ქვეყანაში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნებისმიერი ტიპის ფინანსური ძალისხმევა უმნიშვნელოდ ვერ ჩაითვლება”,- აცხადებს “სესხის გამცემი ორგანიზაციის” დამფუძნებელი ვახტანგ გრიგალაშვილი.

ახალი ვალდებულება ლომბარდებს 2019 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაეკისრათ, როდესაც სესხის გამცემი ობიექტებისთვის რეგულაციები შეიცვალა, მათ შორის, შემცირდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი, დადგინდა პიგრასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა და ა.შ. მაშინდელი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებდა, რომ ლომბარდების საქიანობა არ არის გამჭვირვალე და ხშირია, როცა მოპარული ნივთები სწორედ მათი მეშვეობით იყიდება.

ამ დროისთვის ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე 200-მდე სესხის გამცემი სუბიექტია დარეგისტრირებული - სწორედ ამდენ კომპანიას მოუწევს ახალ რეგულაციებზე მორგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები