რუსეთი მსხვილი ბანკების SWIFT-იდან ჩახსნის და რუსეთის ცენტრალური ბანკის დასავლური აქტივების გაყინვიდან პირველივე სავაჭრო დღეს რუსული რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა, ხოლო მოსკოვის საფონდო ბირჟა სრული კრახის თავიდან ასარიდებლად დღეს საერთოდ დაიხურა, თუმცა რამდენიმე მსხვილი რუსული კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეც ივაჭრება, სადაც დღეს ვაჭრობა აქციების რეკორდული ვარდნით გაიხსნა.
სანქცირებული Sberbank-ის აქციების ღირებულება 70%-ით დაეცა. Lukoil-ის აქციების საფასური დღეს 50%-ით შემცირდა, Rosneft-ის - 41%-ით, Gazprom-ის - 46%-ით, უმსხვილესი აგრო-ქიმიური კომპანია PhosAgro-ს აქციების ფასი კი 63%-ით დაეცა.
ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 105 რუბლს შეადგენს, როდესაც გუშინ 84 რუბლი იყო. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუბლის საფასური 30%-ით დაეცა.
რუბლის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ქვეყანაში რეკორდული ინფლაციის საფრთხე შეიქმნა, რის გამოც, დღესვე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა. ასეთი მაღალი რეფინანსირების განაკვეთი რუსეთში აქამდე არ ყოფილა.
რუსეთის ცენტრალური ბანკი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში წერს, რომ "ვითარება კარდინალურად შეიცვალა". შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით, რუბლში არსებული სესხების განაკვეთები მკვეთრად გაიზრდება.