რესპუბლიკური საავადმყოფო სამინისტროსგან საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში თანხებს სტაბილლურად იღებს, - ამის შესახებ BM.GE-ის როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ასევე ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი გვაზავამ განუცხადეს.
მათი განმარტებით, საავადმყოფო კანონით დადგენილ დროში იღებს სამინისტროდან თანხებს და შეფერხება არ აქვთ.
„სამინისტროს ჩვენს მიმართ რაღაც განსაკუთრებული დავალიანება არ აქვს, შესრულების მიხედვით გვირიცხავენ თანხებს. რაც მინისტრი ძალიან დაინტერესდა ჩვენით, ნორმალურად გვირიცხავენ.
ჩვენ ვაგზავნით შესრულებას, მერე იქ მუშავდება ორივე მხარესთან თანხმდება და მერე ირიცხება, რაც დროშია გაწელილი. ახლა იცით რა რეჟმში ვართ, ყოველთვე ირიცხება. ადრე ჩავარდნა ჰქონდათ ხოლმე და 2-3 თვე არ გვაძლევდნენ, კატასტროფა იყო“, - განაცხადა bm.ge-ისთან რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.
ლევან გოფოძე ამბობს, რომ სამინისტროს მხრიდან სტაბილური დარიცხვები თანამშრომელთა ხელფასების გაცემის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
„საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ბოლოს დეკემბერშიც დაგვერიცხა თანხა, ორი დღის წინ. ოღონდ ეს იყო წინა რომელიღაც თვეების... ნოემბრის ვერანაირად ვერ დაგვერიცხებოდა. წინა თვეების პირნათლად დაირიცხა, რამაც ჩვენი თანამშრომლების აღფრთოვანება გამოიწვია, იმიტომ რომ წინსაახალწლოდ ხელფასები დარიგდა. საერთოდ ბოლო ხანებში 7-8 თვეა, მიუხედავად ბევრი კატაკლიზმისა, ჩვენ გრაფიკის მიხედვით, დროულად ვაძლევთ ხელფასს თანამშრომლებს. ეს დავალაგეთ, რაც ჩვენი ახალი მენეჯმენტის დამსახურებაცაა ნამდვილად“, - ამბობს ის.
ამასთან, გოფოძემ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დეკემბერში ჩარიცხული თანხის მოცულობა ვერ დაგვისახელა და გვითხრა, რომ ამას საავადმყოფოს ფინანსური დირექტორი აკონტროლებს.
„ერთი რამ შემიძლიათ გითხრათ, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თვე არ ჩავარდეს... ჩვენი მუშაობა მთლიანად დამოკიდებულია ამ თანხაზე, რადგან ჩვენ არ გვაყვავს სპონსორები, არ გვყავს ვიღაც ფულიანი ბიძია... ახლა კერძო კლინიკებსაც უჭირთ, მაგრამ თუ ქვეყანა იქცევა და უწამლოდ რჩება რომელიმე კერძო კლინიკა, მისმა მფლობელმა შეიძლება თანხები დაურიცხოს კომპანიას. ჩვენ ასეთი ადამიანი არ გვყავს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
ჯანდაცვის სამინისტროდან რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დეკემბერში, გასული თვის დარიცხული თანხის მოცულობის დასადგენად BM.GE რესპუბლიკური საავადმყოფოს ფინანსურ დირექტორს ირაკლი გვაზავასაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ "ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა".
"ეს საწარმოს შიდა მოძრაობა, რომელიც საჯარო არ არის... ჩვენ საჯაროდ ვაქვეყნებთ წინა წლის აუდირებულ ანგარიშგებას, რომელსაც გარე აუდიტორი ადგენს და ეს ყველაფერი საჯაროა, თუმცა დაუსრულებელი წლისთვის ამ ინფორმაციას ვერ გავცემ ვერავისზე“, - განაცხადა ირაკლი გვაზავამ.
ფინანსურმა დირექტორმა BM.GE-ისთან საუბრისას განმარტა, რომ დეკემბერში საავადმყოფოს დაერიცხებოდა 3-4 თვის წინანდელი თანხა, რადგან მონაცემების დამუშავება გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული.
„რესპუბლიკური საავადმყოფო არანაირი განსაკუთრებული პირობებით არ სარგებლობდა არასდროს, როგორც სხვაგან ხდება, იგივენაირად ირიცხება ჩვენთანაც. ძალიან ბევრი კლინიკის ხელმძღვანელი არის ჩემი მეგობარი და ყველა კლინიკა ვართ თანაბარ პირობებში. მაგალითად, რაც მიიღო "ავერსი ჯგუფმა" ან "მედალფას ჯგუფმა" ან "ნიუ-ჰოსპიტალსმა", იგივე მივიღეთ ჩვენც. მანდ ინფორმაციის წარდგენას აქვს მნიშვნელობა ანუ თვის დასრულებიდან რაც უფრო მალე წარადგენ საჭირო დოკუმენტებს, უფრო მალე იწყება შენი ქეისების დამუშავება და მალე ღებულობ თანხას. თუ დააგვიანე და სამი თვის მერე ჩააბარებ, იმ სამი თვიდან სამი თვის შემდეგ გირიცხავენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკისთვის თანხის დარიცხვის ვადა კანონით არის დადგენილი - 3 თვე და ცოტა მეტი“, - განმარტა ფინანსურმა დირექტორმა.
კითხვაზე - მიღებული აქვს თუ არა სამინისტროსგან რესპუბლიკურ საავადმყოფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ივნისის თანხა, ირაკლი გვაზავამ განაცხადა: „ივნისის ძირითადი ნაწილი კი მიღებული გვაქვს, შეიძლება კუდი იყოს დარჩენილი.“
ცნობისთვის: დღეს bm.ge რამდენიმე კერძო კლინიკას ესაუბრა. ისინი მოუწოდებენ ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანებები დროულად დარიცხონ. სამინისტრო, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს. bm.ge უკვე რამდენიმე კვირაა ელოდება ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რამდენი თვის და რა მოცულობის დავალიანება აქვს სახელმწიფოს კლინიკების მიმართ.