ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ზონაში იმყოფება 40 პაციენტი, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ საღამოს რესპუბლიკურში დაკვირვებისთვის 10 პაციენტი იქნა შეყვანილი, რომელთაგან 7 იტალიიდან ჩამოსული მოაქალაქეა.
„გუშინ საღამოს შემოიყვანეს 10 პაციენტი, აქედან 7 ჩამოსულია იტალიიდან, დღეს ამ პაციენტებს გადაიყვანენ ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირებისთვის, მათ ტესტირება არ ჩატარებიათ, ისინი პირდაპირ ჩვენთან მოიყვანეს. ამ პაციენტებს სხვადასხვა სიმპტომი ჰქონდათ - ზოგს ხველა, ზოგს - ყელის ტკივილი, თუმცა მდგომაროება საგანგაშო არ არის.
დანარჩენი 3 პაციენტი გადმოყვანილია ჩვენთან ინფექციური საავადმყოფოდან, მას შემდეგ, რაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ისინი დარჩებიან ჩვენს კლინიკაში დაკვირვების ქვეშ.
ასევე რესპუბლიკურმა საავადმყოფომ აიღო პასუხისმგებლობა იმ 39 მოქალაქეზე, რომელიც გუშინ იტალიიდან ჩამოიყვანეს და სასტუმროში განათავსეს და სამედიცინო უზრუნველყოფა, მათი დაკვირვება განხორციელდება ჩვენი ექიმებისა და ექთნების მიერ. ისინი არ არიან მაღალი ჯგუფის რისკის პაცინეტები. მათ არ აღენიშნებათ ცხელება, უბრალო 2 კვირა მოუწევთ კარანტინში ყოფნა“, - განმარტა ლევან გოფოძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ასევე, აღნიშნა, რომ დღეს კლინიკიდან პირველი პაცინტების გაწერა მოხდება, რომლებსაც არ აქვთ ვირუსის რაიმე ნიშნები და საზღვრისკვეთიდან 2-კვირიანი ვადა გაუვიდათ.
„ჩვენი ზონიდან დღეს დავიწყებთ, დაახლოებით, 10 პაციენტის გაწერას, მათი მონაცემები გადაეგზავნება ცენტრს, გადამოწმდება და უსიმპტომოდ ვინც არიან და გაუვიდათ საზღვრის კვეთიდან 2 კვირა ყველას, გავწერთ სახლში.
ამჟამად ჩვენ თავისუფალი ადგილები არ გვაქვს, დღეს პაცინეტების გაწერის შემდეგ 20 ადგილი განთავისუფლდება“, - განაცხადა გოფოძემ.