მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკურის სახელფასო ფონდი თვეში ₾1.5-1.7 მილიონია - ზურაბ აზარაშვილი

643409bfe4ae4
BM.GE
10.04.23 17:34
510
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, რომელთა რაოდენობა 900-მდეა, ხელფასებს 1.5 მლნ ლარის ჯამური მოცულობით უწყება უხდის. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სახელფასო ფონდი 1.5-1.7 მლნ ლარია, თუმცა კლინიკას ის შემოსავალი არ აქვს, რომ ყველა საჭირო ხარჯი დაფაროს, ამიტომ ხელფასების დაფარვა უწყების ბიუჯეტიდან ხდება. ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ ამგვარად სამინისტრო მზადაა თანამშრომელთა ხელფასები მათი გაჩერების შემთხვევაშიც გადაიხადოს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს დაახლოებით 900-მდე თანამშრომელია დასაქმებული და სახელფასო ფონდი 1.5-1.7 მლნ ლარის ფარგლებშია. ფინანსურად ყოველთვიურად 1.5 მლნ ლარის დამატება ჩვენ ისედაც გვიწევს. სამწუხაროდ, კლინიკას იმდენი შემოსავალი არ აქვს, რომ სრულად მოემსახუროს თავის ხარჯებს, როგორც ხელფასებს, ასევე სახარჯ მასალებს, კომუნალურებს და სხვა ხარჯებს რაც კლინიკასთან არის დაკავშირებული, რადგან ყველა მიმართულება სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს, აქედან გამომდინარე ხარჯის ნაწილში, ჩვენ ისედაც მზად ვართ და დღესაც ვწევთ ამ ხარჯს, შემოსავლის მიუხედავად და ანალოგიური ხარჯის გაწევისთვის მომავალშიც მზად ვართ“, - განაცხადა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი სხვადასხვა კლინიკაში გააგრძელებს მუშაობას. მისი თქმით, ისინი საქართველოს მასშტაბით მოქმედ დაწესებულებებში გადანაწილდებიან.

„დიდი იმედი მაქვს, რომ იმისთვის, რათა დასაქმებულმა პერსონალმა მუშაობის უწყვეტობა შეინარჩუნოს, გვექნება შესაძლებლობა მათი დიდი ნაწილი სახელმწიფო და კერძო კლინიკებში როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გადანაწილდეს.

ასევე ძალიან დიდი გამოწვევა გვაქვს რუხის კლინიკასთან დაკავშირებით, რომელიც მულტიპროფილური უნდა იყოს და აქედან გამომდინარე იქაც გარკვეული ნაწილი დასაქმდება. ბოლო ორი კვირაა იქ ჩვენი თანამშრომლები არიან სხვადასხვა მიმართულებების გასახსნელად, ახლა ხდება მოკვლევა და შემდეგ მოხდება თანამშრომლებით დაკომპლექტება“, - თქვა აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები