მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკურის თანამშრომლების ნაწილი სამუშაოდ რუხში გადავიდა, ნაწილმა კი ამაზე უარი თქვა - აზარაშვილი

რესპუბლიკურის თანამშრომლების ნაწილი სამუშაოდ რუხში გადავიდა, ნაწილმა კი ამაზე უარი თქვა - აზარაშვილი
BM.GE
31.07.23 14:02
7

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი სამუშაოდ რუხში გადაიყვანეს, ნაწილმა კი ამაზე უარი თქვა.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დაგვთანხმდა და რუხში, ახლად აშენებულ კლინიკაში გადავიყვანეთ. იქ ძალიან კარგი ინფრასტრუქტურაა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რუხის საავადმყოფოში ყველა მიმართულება განვითარდეს და შესაძლებელი გახდეს, ადგილობრივ პაციენტებს მაღალი დონის სამედიცინო სერვისები შევთავაზოთ. თანამშრომლების ნაწილი გადავიდა რუხში და მადლობა მათ ამისთვის. ნაწილმა უარი თქვა გადასვლაზე“, - განაცხადა აზარაშვილმა.

რაც შეეხება კლინიკის ინფრასტრუქტურას, მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მომზადება.

„მიზანშეწონილობის კვლევები ტარდება და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას კლინიკასთან დაკავშირებით“, - განაცხადა აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, რასაც საავადმყოფოს თანამშრომელთა პროტესტი მოჰყვა, რადგანაც რამდენიმეწლიანი რეაბილიტაციის პერიოდში კლინიკა ოპერირებას შეაჩერებს. მარტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი რეაბილიტაციის პროცესში სამსახურს არ დაკარგავდა.

რესპუბლიკური საავადმყოფო 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაშია. მას ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები