“რობოტებს გემრიელი ხელი ჰქონიათ,” - ასეთია შეფასებები მომხმარებლების მხრიდან, რომლებიც პირველად ესტუმრნენ რესტორანს, სადაც შეფ-მზარეულის, მიმტანის, დამლაგებელის და კიდევ ბევრი ადამიანის ფუნქცია 20-ზე მეტ რობოტს აქვს შეთავსებული. ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში მდებარე ამ რესტორნის შესახებ Euronews-ი წერს.
შენობიდან მუდმივად გემრიელი სუნი გამოდის და ძირითადად სუში, ე.წ ფასთ-ფუდი და ტრადიციულად ჩინური კერძები მზადდება რომელთა რაოდენობა ჯამში 200-ს უტოლდება, ხოლო თავად მზადების პროცესს, არაუმეტესს 20 წამს ანდომებენ. ანუ თუკი ვამბობთ, რომ კორონავირუსის დამარცხების გზა ადამიანებთან ნაკლებ კონტაქტზე გადის, მაშინ რეალური სამყარო აი ასე გამოიყურება – რობოტიზირებული, მაგრამ სამაგიეროდ უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის.
ახლა ცოტას კერძებზეც მოგიყვებით, თუკი სხვადასხვა რესტორანში, სხვადასხვა მზარეულს, ერთი და იგივე საკვები განსხვავებული გამოსდის, რადგან გავრცელებული თეორიის მიხედვით, მზადება დამოკიდებულია ხელზე ან თუნდაც იმ ფაქტზე, რომ მაგალითად მარილს ან წიწაკას, თვალის ზომით, საკუთარი გემოვნებით თუ კიდევ სხვა პრაქტიკით უმატებენ, რობოტებს ეს დოზები სრულად აქვთ გაწერილი, თანამშრომლობენ ყველაზე გამოცდილ შეფთან ჩინეთში, სწავლობენ და იძენენ ყველა იმ აუცილებელ უნარს, რაც საჭიროა გემრიელი კერძის შესაქმნელად. თუმცა ეს პროცესი მარტივი არ არის, რადგან უკვე ათასობით ექსპერიმენტი ჩატარდა და ათიათასობით საკვები გაფუჭდა, იმისათვის, რომ რობოტებს ესწავლათ სამზარეულოში და მის გარეთ უშეცდომოდ ფუსფუსი.
თავად რესტორანი კი, ჯამში 2 ათას კვადრატულ მეტრის ფართობის ტერიტორიას მოიცავს და შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს დაახლოებით 600 ადამიანს. გაინტერესებთ ალბათ ვინ მართავს ბიზნესს? რა თქმა უნდა, ადამიანი, მაგრამ რობოტი რომ ყოფილიყო, აღარც ეს იქნებოდა უცნაური. თუმცა ჯერ რობოტების ეპოქის დასაწყისია, ვნახოთ რა მოხდება სამომავლოდ, უახლოეს პერიდოში კი, გეგმაში მხოლოდ მენიუს გაფართოებაა და ამისთვის ათასობით რეცეპტი მუშავდება.