მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რესტორნებს 5000-ლარიანი დახმარება უქმე დღეების შემდეგ ჩაერიცხებათ” - ანდრია ბასილაია

608841353b552
ანუკა ჯოხაძე
27.04.21 22:19
1126
4 მარტს პრემიერ-მინისტრმა რესტორნების სუბსიდირების პროგრამა წარადგინა. პროგრამა რესტორნების ერთჯერად დახმარებას გულისხმობს, რითაც ჯამურად 400-მდე რესტორანმა უნდა ისარგებლოს.

პროგრამაზე რეგისტრაცია აპრილის დასაწყისში დასრულდა, თუმცა რესტორნები, ამ დრომდე თანხების ჩარიცხვას ელოდებიან. კერძო სექტორი თბილისის მერიას არსებული ტემპის დაჩქარებისკენ მოუწოდებს, რადგან გაზრდილი ხარჯების, გააქტიურებული სესხებისა და საიჯარო ქირების გათვალისწინებით, ის მინიმალური დახმარებაც მნიშვნელოვანია.

რა ეტაპზეა პროგრამა და რა რაოდენობის განაცხადი შევიდა თბილისის მერიაში 5000-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, ამ კითხვით BM.GE-იმ თბილისის მერიას მიმართა. როგორც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია აცხადებს, საერთო ჯამში განაცხადი დახმარებაზე 440-მა რესტორანმა შეავსო, საიდანაც 35 განაცხადი დახარვეზდა. მისივე განმარტებით, დახმარებების მომლოდინე რესტორნები კუთვნილი თანხების მიღებას მაისის უქმე დღეების შემდეგ კვირაში შეძლებენ.

“განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია. ჩვენ ახლა გავუგზავნეთ შეტყობინება იმ რესტორნებს, რომლებსაც ხარვეზები ჰქონდათ არსებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. დაახლოებით 440 განაცხადი შემოვიდა. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია, შესაბამისად, დახმარებას 400 აპლიკანტი მიიღებს. ამ გადმოსახედიდან ეს თანხა სრულად იქნება ათვისებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უქმე დღეების შემდეგ კვირაში რესტორნებს შესაბამისი დახმარება უკვე ჩაერიცხებათ”, - აცხადებს თბილისის მერია მოადგილე ანდრია ბასილაია.

ცნობისთვის, რესტორნების სუბსიდირების პროგრამისთვის თანხების გამოყოფა ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდება. ჯამურად რესტორნების სუბსიდირებაში სახელმწიფო 2 მილიონ ლარს გადაიხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები