„რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5-კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი წელს შემოდგომაზე გაიხსნება. ეს არის პირველი შედეგი იმ გარდამტეხი ფაზისა, რომელიც ამჟამად გვაქვს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 70-80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6-კმ-მდე გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. ამჟამად უკვე გაჭრილია 6 გვირაბი და მიმდინარეობს მათი მოპირკეთების სამუშაოები, ხიდებზე კი დაწყებულია გამაერთიანებელი ფილებით მონოლითური კონსტრუქციის მოწყობის პროცესი, რის შემდეგაც გზის საფარი დაიგება.
„ზოგადად, რიკოთის მონაკვეთი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობისას, ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ჩქაროსნული მაგისტრალის შარშან გახსნილ 70-კმ-იან მონაკვეთს, რომელმაც თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 1 საათით დაზოგა, წელს დაემატება რიკოთის ერთი მონაკვეთი. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს გადაადგილებას, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2-კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაო დაათვალიერა. ამ მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან სამუშაო მიმდინარეობს 18 გვირაბზე და გაჭრილია 2 გვირაბი, ხოლო 37 ხიდიდან სამუშაო 27 ხიდზეა დაწყებული, საიდანაც 4 ხიდზე უკვე დასრულდა მალის ნაშენისათვის რკინაბეტონის კოჭების დამზადება და მონტაჟი.
ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.