მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რითი ჩაანაცვლებს ფეხბურთის ფედერაცია საბიუჯეტო დაფინანსებას? - კობიაშვილის განმარტება

602a1a300441e
ინგა მურუსიძე
15.02.21 21:32
1315
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წელს საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი განაცხადა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განმარტა, ნაბიჯი მიზანმიმართულად გადაიდგა და მისი მიზანია ფეხბურთი ნაკლებად იყოს დამოკიდებული მოქალაქეების გადასახადებზე. საუბარია 6.7 მილიონ ლარზე. აქვე აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება არ ეხება კლუბებს, რადგან მათ საკუთარი სპონსორებიც ჰყავთ.

ლევან კობიაშვილმა გადაწყვეტილება დეტალურად განმარტა BMGDRIVE-ის ეთერში სტუმრობისას და ისიც თქვა, თუ როგორ შეივსებს საბიუჯეტო დაფინანსების დანაკლისს ფეხბურთის ფედერაცია. მისი თქმით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ფედერაცია გასულ წლებში ბიუჯეტს სრულად ვერ ითვისებდა.

„ქვეყანაში ყველა აღიარებული სპორტული ფედერაცია ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბოლო რამდენიმე წელია ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსება სტაბილურად იყო 6.7 მლნ ლარი, მანამდე იყო 7 მილიონიც, 11 მილიონიც, 12-იც და ა.შ. გარდა ამისა, თანხები მუხლობრივად არის გაწერილი, რაში შეიძლება ის გამოიყენო და ეს ეხება მხოლოდ ნაკრებებს, არა მხოლოდ ეროვნულებს, არამედ ყველას, ვინც გვყავს, მათ შორის გოგონების ნაკრებს, ფუტსალი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსება გაწერილი იყო, იმაზე ნაკლებს ვითვისებდით, ვიდრე გვქონდა. მაგალითად გასულ წელს 6,7 მილიონიდან ათვისება გვქონდა 4,2 მლნ ლარი, საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ საერთოდ არ უნდა დავფინანსდეთ“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, დაფინანსებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება სპონტანური არ ყოფილა, რადგან ის ისედაც სულ ფიქრობდა, რომ ქვეყანაში ფედერაციები არ უნდა ფინანსდებოდნენ.

„სხვა ფედერაციებზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ვიტყვი, რომ ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ხარჯის ანაზღაურება თავად უნდა უზრუნველყოს, ხოლო სახელმწიფომ გამოთავისუფლებული ხარჯები სპორტულ ინფრასტრუქტურაზე უნდა მიმართოს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შევავსებთ ამ თანხებს, გეტყვით, რომ ხელშეკრულებით, ყოველწლიურად ფედერაციებს UEFA-დან ეძლევა დაფინანსება საერთო პაკეტიდან, რაც მას აქვს.

ახალი პირობებით, უფრო მეტ დაფინანსებას ვიღებთ, ვიდრე გვქონდა მანამდე, ეს კი ნიშნავს, რომ ამ თანხებს გამოვიყენებთ. გარდა ამისა, ჩვენს მთავარ პარტნიორთან, „ვითიბისთან“ ახალი ხელშეკრულება გავაფორმეთ და გაცილებით უკეთესი პირობები გვაქვს. ასევე გასხვისებული გვაქვს ეროვნული ლიგის სახელი და მეტი ფული შემოდის. ეს არის ყველა დაფინანსება და რესურსები, რითაც ვაპირებთ საბიუჯეტო დაფინანსების ჩანაცვლებას“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები