მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა ბიზნესმენი ახალი რეგულაციების შემოღებას ითხოვს, კონკურენტის მოშორებას ცდილობს - პერტაია

601933e6351be
თელარა გელანტია
03.02.21 09:45
1612
„თუ ხედავთ ბიზნესმენს, რომელიც დარეგულირებას ითხოვს, მისი მიზანი კონკურენტის მოშორებაა“, - ეს განცხადება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორმა გიორგი პერტაიამ bm.ge-ისთან ინტერვიუში რეგულაციებსა და კერძო სექტორზე, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესზე გავლენის შეფასებისას გააკეთა.

„ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეიძლება, რეგულაცია ბიზნესს აწყობდეს, არის მსხვილი ბიზნესი, რომელიც ბაზრის წილის გაფართოებას მცირე და საშუალო ბიზნესის გაკოტრების ან/და შემდეგ შესყიდვის ხარჯზე ცდილობს. ასე რომ, თუ სადმე ნახავთ მოსიარულე ბიზნესმენს, რომელიც ხელისუფლებისგან ახალი და ბევრი რეგულაციის შემოღებას ითხოვს, მისი მიზანია, კონკურენტი მოიშოროს; ესეც ბუნებრივი ამბავია, მაგრამ როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს კონკურენტული გარემო, რა თქმა უდა, კარგი იქნება, რომ რიგი რეგულაციები შემოვიდეს უფრო მსუბუქი ფორმით ან მოგვიანებით, როცა მცირე და საშუალო ბიზნესები მოძლიერდებიან“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

მეტიც, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის აზრით, კარგი იქნება თუ რეგულაციების ამოქმედება, რომელსაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს, 1-2 წლით გადავადდება.

„ბიზნესს ძალიან კარგად ესმის და იაზრებს ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო, მაგრამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, თუ არის გარკვეული ფანჯარა იმისთვის, რომ რეგულაციები, რომელიც წელს ან 2022-ში უნდა შევიდეს ძალაში, ეს უნდა გამოვიყენოთ და გადავავადოთ. შეგვიძლია, ეს როგორც ბიზნესიდან წამოსული იდეა მივაწოდოთ მთავრობას, რომ თუ რესურსი არსებობს, 1-2 წლით გადავადდეს რეგულაციები, რომელიც გაწერილია და ნაწილი - წელს, ნაწილი კი 2022 წელს უნდა ამოქმედდეს“, - აღნიშნა გიორგი პერტაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები