მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის აღდგება პარაპლანით ფრენები? - პარაგლაიდინგის ფედერაციის განმარტება

646cbc797c4d2
სალომე ხიდურელი
24.05.23 10:14
700
საქართველოს მთავრობამ 8-10 მაისს პარაპლანით ფრენების უსაფრთხოების წესები განსაზღვრა და შესაბამისი დადგენილებაც გამოსცა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციას“ ოთხი პროფილური კომისიის შექმნა დაევალა. როგორც ფედერაციის ხელმძღვანელი ირაკლი კაპანაძე BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, კომისიებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.

„ფედერაციას დაგვევალა ოთხი პროფილური კომისიის შექმნა, მათი სამუშაო პროცესების გააზრება, ჩამოწერა, ჩამოყალიბება და ეს დრო დავუთმეთ ამას. შემუშავებულია სამუშაო პროგრამები, ამასთან ერთად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მივმართეთ განცხადებით, რომლის მიხედვითაც უნდა გამოიყოს გარკვეული საჰაერო სივრცეები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ ვინაიდან ერთ-ერთი კომისიის საქმე გამოცდების ჩატარებაცაა, ადამიანს გასავარჯიშებელი ფრენის საშუალება მიეცეს. მოსამზადებელი დროის გარეშე ადამიანს გამოცდის ჩაბარებას ვერ მოვთხოვთ. ამიტომ, ამ კუთხით კონკრეტული თანამიმდევრული ნაბიჯი გადავდგით. ვფიქრობთ, კომისიების ფორმირება 9 ივნისამდე დამთავრდება“, - აღნიშნავს ირაკლი კაპანაძე.

პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელის განმარტებით, მაშ შემდეგ, რაც 9 ივნისს ოთხივე კომისიის ფორმირება დასრულდება და საკანონმდებლო ცვლილებაც შევა ძალაში, უწყებას საშუალება ექნება, საგამოცდო ფრენებიც აღადგინოს.

„სერტიფიცირების პროცესი რომ დაიწყოს, შესაბამისი ინსტრუმენტი უნდა გვქონდეს, ეს მხოლოდ ერთი ნაწილია, რასაც სჭირდება ოთხი პროფილური კომისია. კომისიების გეგმა და პროგრამა შედგენილი გვაქვს, კომისიებში მუშაობის შესახებ საჯარო განცხადება გაკეთებული გვაქვს და, დაახლოებით, 30 განაცხადი ამის თაობაზე მიღებული გვაქვს. ახლა ვართ შერჩევის პროცესში.

პარალელურად, ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებაზეც, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და გამოყოფილი საჰაერო სივრცე და ოთხი კომისია მოგვცემს საშუალებას, ჯერ აღვადგინოთ სავარჯიშო ფრენები და შემდეგ უკვე სასერტიფიკატო/საგამოცდო ფრენები“, - ამბობს ირაკლი კაპანაძე.

საქართველოში პარაპლანით ფრენის აკრძალვის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ 2022 წლის 30 ივლისს, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიღო. მიმდინარე თვის დასაწყისში კი განისაზღვრა კონკრეტული წესები, რომლებიც ადგენს, ვის, სად და როდის შეუძლია პარაპლანით ფრენა. დადგენილებისა და სერტიფიცირების მოპოვების ფასების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები