მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის აღდგება ტურიზმი სრულად? - McKinsey & Company-ს და თიბისი კაპიტალის მოლოდინი

5f1a9250b038f
ვიქტორია მღებრიშვილი
24.07.20 13:00
2208
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ს პროგნოზით, გლობალური ტურიზმი სრულად, ოპტიმისტური სცენარით, 2023 წელს, პესიმისტურით კი 2025 წლისთვის აღდგება.

ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანიის პარტნიორმა ნათან საიცმანმა გუშინ თიბისი ბანკთან ერთად გამართულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ტურიზმის აღდგენის გზას შეეხებოდა.

განსხვავებული პროგნოზი აქვს „თიბისი კაპიტალის“ გუნდს. როგორც კომპანიის მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ დღეს „საქმიან დილაში“ სტუმრობისას აღნიშნა, ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებელს 2022 წლისთვის დაუბრუნდება.

„McKinsey-ის მოლოდინების თანახმად, რომელიც გუშინ ონლაინ კონფერენციაზე გაჟღერდა ტურიზმი ოპტიმისტური სცენარით გლობალურად 2023 წელს დაბრუნდება და შედარებით პესიმისტური სცენარით 2025 წელს, ოღონდ ეს სრულ დაბრუნებას გულისხმობს გლობალურად, ისეთ ადგილებში, სადაც უფრო მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

ჩვენ მოსაზრება არ შეგვიცვლია და ვფიქრობთ, რომ ტურიზმი 2022 წლისთვის საბოლოოდ აღდგება და ამას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს: მაგალითად, ის თუ როგორი სახის ტურისტები ჩამოდიან ჩვენს რეგიონში და ა.შ. ვფიქრობთ, რომ ტურისტების რაოდენობის კუთხით ტურიზმი 2019 წლის დონეზე 2022 წლისთვის დაბრუნდება, თუმცა სასტუმროებს ფასების უკან დაბრუნება ვფიქრობთ, რომ საკმაოდ გაუჭირდებათ“, - განაცხადა მერი ჩაჩანიძემ.

თიბისი ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსის ლევან შავკაციშვილმა შეფასებით კი ტურიზმი გარკვეული დროის შემდეგ სახეცვლილი დაბრუნდება.

„ცხადია, ყველას გვჯერა, რომ ტურიზმი დაბრუნდება, თუმცა გრძელი და საინტერესო გზა იქნება. American Express-მა გააკეთა გლობალური გამოკითხვა, რა არის ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გამოცდილებები, სადაც 88%-ისთვის ნომერი პირველი გამოცდილება იყო ტურიზმი და მოგზაურობა, რაც ბევრისთვის ოჯახსა და გამდიდრებაზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად ტურიზმი დაბრუნდება, თუმცა მოლოდინია, რომ სახეცვლილი იქნება და ის პერიოდი სანამ ის დაბრუნდება, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავზოგოთ ხარჯები, როგორ გამოვიყენოთ ადგილობრივი ტურიზმი, იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მოქნილები“, - აღნიშნა ლევან შავკაციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები