ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაიწყებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფლაცია შემცირდება - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას გვენეტაძემ აღნიშნა, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს, რის პარალელურადაც, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების თაობაზე იმსჯელებს.
საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 30 მარტიდან მოყოლებული 11%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკი რეფინანსირების დონის შესახებ მომდევნო შეხვედრას 1 თებერვალს გამართავს. საქსტატის თანახმად, დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 9.8% იყო, რაც წინა თვეებთან შედარებით ნაკლებია.
“კითხვაა ფასების შემცირებაზე, ხოლო ჩვენ ვსაუბრობთ ინფლაციის ტემპის კლებაზე. როდესაც ქვეყნდება ინფლაცია, ის არის ინდექსი წლიური ან თვიური. ეროვნული ბანკი არ უყურებს რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ფასს, არამედ მთლიან ინდექსს. ვფიქრობთ, რომ ფასების კლების ტენდენცია, რომელიც არსებობს გაგრძელდება. დაახლოებით თებერვლიდან უნდა დავინახოთ ინფლაციის კიდევ უფრო მეტად შემცირება და წლის მესამე კვარტალში სამიზნესთან უფრო ახლოს ყოფნა სხვა თანაბარ პირობებში. მოგეხსენებათ, რომ გაურკვევლობა კვლავ მაღალია, აქედან გამომდინარე პროგნოზების გაკეთება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში რთულია. ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც დაინახავს ეროვნული ბანკი, რომ ინფლაციის კლებადი მიმართულება არის მდგრადი და მას საფრთხე არ ემუქრება, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, შესაძლებელია იმაზე ფიქრი, რომ საპროცენტო განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) შემცირდეს.
შემდეგი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა არის 1 თებერვალს და ამაზე ვიმსჯელებთ თუმცა უნდა ვიხილოთ უფრო მდგრადი შემცირება,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პროგნოზის თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში საშუალო ინფლაციის დონე 5.3% უნდა იყოს.