"მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დადგა, პანდემია შორსაა დასრულებიდან", - წერს WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ჰანს ჰენრი კლუგე თავის ბლოგში, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ავრცელებს.
„პანდემიურმა დაღლილობამ გავლენა მოახდინა ჩვენს კოლექტიურ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბუნებრივია, რომ ასეთი რთული პერიოდის შემდეგ ყველას დასვენება გვსურს, თუმცა გასულ ზაფხულს იგივე სიტუაციაში ვიყავით. როდესაც მთელს რეგიონში შეზღუდვები ნაადრევად შემსუბუქდა, აღინიშნა კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის კატასტროფული ზრდა, რამაც ისევ ლოქდაუნისკენ მოგვაბრუნა. ახლა, ჯანდაცვის სისტემებზე, სკოლაზე, საარსებო წყაროებზე, ეკონომიკებზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ერთწლიანი ზეწოლის შემდეგ, იგივე შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია“, - აცხადებს ჰანს ჰენრი კლუგე.
მისივე თქმით, ევროპის რეგიონში ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ვაქცინირებული, ამავდროულად კი ვრცელდება შეშფოთების გამომწვევი ძალიან გადამდები ვარიანტები, ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების შემსუბუქება, რაც იწვევს COVID-19-ის შემთხვევების ზრდას;
„მოსახლეობის იმ ფენებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები არ არის მაღალი, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებს შორის, იზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სისტემებზე და ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. წელს, მიუხედავად იმისა, რომ გვინდა, რომ ზაფხულში მაქსიმალურად დავისვენოთ, სიფრთხილე გვმართებს, რათა თავიდან ავირიდოთ ავად გახდომა, სიკვდილი და პანდემია მალე დავასრულოთ.
ამ მიზნის მისაღწევად, რამდენიმე გზა არსებობს: პირველ რიგში - ეს არის ვაქცინა. მეორე, თუ მოგზაურობა გსურთ, დაფიქრდით მის საჭიროებაზე. თუ მაინც გადაწყვეტთ იმოგზაუროთ, გააკეთეთ ეს უსაფრთხოდ.
უსაფრთხოდ მოგზაურობა ნიშნავს COVID-19–თან დაკავშირებული რისკების გაზომვას. სახლიდან გასვლის მომენტიდან დანიშნულების ადგილას მისვლამდე. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავების რისკის მენეჯერები. რისკები უნდა შევაფასოთ და მივიღოთ უსაფრთხოების ზომები ყოველ ნაბიჯზე: დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, თავი ავარიდოთ ხალხმრავლობას და ვატაროთ პირბადე“, - აცხადებს ჯანმო-ს წარმომადგენელი.
ის მოქალაქეებს ასევე მოუწოდებს, მოერიდონ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, შეხვდნენ ადამიანებს გარე სივრცეებში, ან ღია და კარგად ვენტილირებულ სივრცეებში, რადგან ამით ვირუსი შემცირდება.
„გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად დავუშვებთ დიდ სპორტულ ღონისძიებებს; ფესტივალები გახდნენ ვირუსის სუპერ გამავრცელებელი სივრცეები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით. ვაქცინაციას უკვე აქვს დადებითი გავლენა და კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს და ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლას. მიუხედავად ამისა, მილიონობით მეტი ვაქცინაა საჭირო რისკის ქვეშ მყოფი პირების ასაცრელად, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ ელოდება პირველ დოზას. ჯანდაცვის მუშაკებს, ასაკოვან ადამიანებს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ წვდომა უნდა ჰქონდეთ ვაქცინებზე, რათა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის გრძელვადიანი შემცირება მოხდეს.
ამჟამად, ევროპის რეგიონში მოსახლეობის 41%-ია ერთი დოზით აცრილი, 29% კი - სრულად ვაქცინირებული. ეს მონაცემები ცხადჰყოფს, რომ პანდემია არ დასრულებულა, მათ შორის, არც იმ ქვეყნებში, რომლებმაც ვაქცინაციის მაღალ დონეს მიაღწიეს. რეგიონში ვაქცინების გადანაწილებაში უთანასწორობა რჩება ჩვენს უდიდეს გამოწვევად.
უფრო გადამდები დელტა ვარიანტი იწვევს შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდას. შესაბამისად, აუცილებელია, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებების გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსის გავრცელება და ვიხსნათ ადამიანების სიცოცხლე, მოვახდინოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების მორგება ადგილობრივი კონტექსტისთვის და სამართლიანი და სწრაფი ვაქცინაციის უზრუნველყოფა.
WHO-ს „საგანგებო სიტუაციაში გამოყენების დაშვების“ (Emergency Use Listing) მქონე ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია კოვიდ-19-ის რთული ფორმებისა და არსებული ვარიანტების გავრცელების პრევენციის კუთხით.
ხშირად მეკითხებიან, თუ როდის დასრულდება პანდემია. პასუხი მარტივია: ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეს ადამიანებისა და მთავრობების ხელშია. ჩვენ ვიცით რა არის ეფექტიანი პანდემიის წინააღმდეგ; ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. არ დაკარგოთ იმედი. საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია, პანდემიის კონტროლქვეშ მოსაქცევად - და საბოლოოდ - მის დასასრულებლად.
ჩვენ ბევრს გავუძელით, ახლა არ არის ყურადღების მოდუნების დრო“, - ნათქვამია ჰანს ჰენრი კლუგეს მიმართვაში.