საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სავალუტო ფონდის და USAID-ის ტექნიკური მხარდაჭეროთ 2020 წლიდან მუშაობს პროექტზე, რომელიც მოძველებული და არაეფექტიანი საგადასახადო შეღავათების იდენტიფიცირებასა და მათ გაუქმებაზე არის ორიენტირებული.
ამ პროექტის შესახებ, ჯერჯერობით, ბევრი რამ ცნობილი არაა, თუმცა როგორც გასულ წელს BMG-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განუცხადა, მთლიანობაში საგადასახადო შეღავათების მოცულობა, დაახლოებით, 2 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან უცნობია თუ რომელი და რა მოცულობის შეღავათების გაუქმება განიხილება.
BMGTV-ის გადაცემა “რედაქტორის” ეთერში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ შეფასების პროცესი გრძელდება.
“შეღავათებზე ფინანსთა სამინისტროსთან მუშაობს USAID-ი, ასევე სხვა ორგანიზაციები. გარკვეული დროის შემდეგ დადებენ დასკვნას რომელი შეღავათი აღარაა საჭირო. ეს პროცესი ახლა მიდის და ფინანსთა სამინისტროს ამ თვალსაზრისით აქვს გარკვეული სამუშაოები ჩატარებული და ჩასატარებელი,” - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ, მაგრამ ვადები არ დაუკონკრეტებია.
მოქმედი საგადასახადო შეღავათების უდიდესი ნაწილი დამატებული ღირებულების გადასახადის შეღავათს წარმოადგენს.