მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის იზრდება საერთაშორისო საინვესტიციო დავები - ინტერვიუ დავით ხაჭვანთან

61d201b5a7d41
თელარა გელანტია
03.01.22 09:40
748
2010-2021 წლებში საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟებში იურისტების დაქირავება 161 მლნ ლარი დაუჯდა. ბოლო წლებში საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო საინვესტიციო დავები მზარდია. 2005 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი - 5 დავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ 2020 წელსაა დაწყებული. აღსანიშნია, რომ ერთი საარბიტრაჟო დავა 2021 წელსაც დაიწყო. შესაბამისად, მზარდია იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების მოცულობაც. გასული წლის დეკემბრის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის სამინისტრო საარბიტრაჟო და საერთაშორისო დავებში მონაწილეობისთვის იურიდიულ და სხვა მომსახურებებს 40 მილიონ ლარად შეიძენს.

როდის იზრდება სახელმწიფოს წინააღმდეგ საინვესტიციო დავები და რაზე მეტყველებს საარბიტრაჟო დავების მზარდი სტატისტიკა - bm.ge საერთაშორისო იურიდიული ფირმა „ლევი კაუფმან-კოლერის“ უფროს იურისტს, დავით ხაჭვანს ესაუბრა. აღსანიშნია, რომ ის სპეციალიზებულია საერთაშორისო კომერციულ და საინვესტიციო დავებზე, სახელმწიფოების და კერძო და საჯარო აქტორების მონაწილეობით და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული 30-მდე საარბიტრაჟო დავაში, რომლებიც ICC, AAA, SCC, SIAC, LCIA, ICSID და UNCITRAL წესების მიხედვით წარმოებდა.


- რას ნიშნავს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო საინვესტიციო დავების ზრდა და რა მიზეზებით შეიძლება იყოს ის გამოწვეული - როგორია სტატისტიკა?

- ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების სტატისტიკა გაიზარდა, შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. საერთაშორისო პრაქტიკას თუ შევხედავთ, დავების რაოდენობა, ძირითადად, კრიზისების პერიოდში იზრდება; ეს შეიძლება იყოს როგორც ლოკალური, ისე - რეგიონალური. მაგალითად, ლათინურ ამერიკაში 2000-იანი წლების დასაწყისში იყო კრიზისი, რამაც ლათინო-ამერიკული ქვეყნების წინააღმდეგ ინვესტორების მოთხოვნების და შესაბამისად, „არბიტრაჟების ზვავი“ გამოიწვია; ასევე საარბიტრაჟო დავების ზრდა შეინიშნებოდა მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს. ახლაც გვაქვს კრიზისული სიტუაცია covid-პანდემიის გამო, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ეკონომიკაზე და დავების მზარდი სტატისტიკა შეიძლება ამითაც აიხსნას. ასევე, საინვესტიციო გარემოს გაუარესებაც შეიძლება იყოს დავების ზრდის პოტენციური მიზეზი. რა თქმა უნდა, ინვესტორისთვის, ისევე როგორც სახელმწიფოსთვის, საინვესტიციო არბიტრაჟი რჩება როგორც ძვირი სიამოვნება, ამიტომ თუკი ინვესტორს აქვს შესაძლებლობა, რომ ადგილობრივ სასამართლოში, რომელიც იქნება ნეიტრალური და გამჭვირვალე, მოახდინოს თავისი დავის სამართლიანი გადაწყვეტა და მიიღოს ჯეროვანი კომპენსაცია იმ დანაკლისისთვის, რაც შეიძლება სახელმწიფოსთან ურთიერთობაში გაუჩნდა, რა თქმა უნდა, ინვესტორსაც პრაგმატულად ურჩევნია, ადგილობრივ სასამართლოში წავიდეს, ვიდრე - არბიტრაჟში, რადგან ხარჯების თვალსაზრისით, დიდი განსხვავებაა, ხოლო ფაქტი, რომ ინვესტორი მიდის საერთაშორისო არბიტრაჟში, შეიძლება მიუთითებდეს ადგილობრივი სასამართლოს მიმართ ნდობის ნაკლებობაზე.

- როგორია საერთაშორისო სტატისტიკა ანუ რომელი მხარე იგებს უფრო ხშირად საინვესტიციო დავას - სახელმწიფო თუ ინვესტორი კომპანია?

- მსოფლიო ბანკის საერთაშორისო დავების გადაწყვეტის სტატისტიკას თუ შევხედავთ, ინვესტორები დავებს იგებენ სრულად ან ნაწილობრივ ქეისების 31%-ის შემთხვევაში, ხოლო სახელმწიფოები - 33% შემთხვევაში; დანარჩენი კი ნაწილდება დავის მორიგებით დასრულებაზე ან სხვა პროცედურული საფუძვლებით დავა ბოლომდე არ მიდის. ჯამში, ძალიან დაბალანსებული პრაქტიკაა ანუ ისე არაა, რომ მხოლოდ ინვესტორები იგებდნენ დავებს. უშუალოდ, საქართველოს სტატისტიკა არ მაქვს, როგორც ვიცი, არც იწარმოება.

- გასაგებია, რომ როცა სახელმწიფო საინვესტიციო დავას აგებს, ცუდია, მაგრამ დავის მორიგებით დასრულების უპირატესობა რა არის, გარდა ფინანსური ნაწილისა?

- მორიგების შემთხვევები საკმაოდ ხშირია და გააჩნია სახელმწიფოსთვის რამდენად მოგებიანია მორიგებით დაასრულოს დავა ინვესტორთან… ზოგადი პოლიტიკური არგუმენტი არის ის, რომ ინვესტორთან დავის მორიგებით დასრულება ყველა შემთხვევაში საინვესტიციო გარემოზე დადებითად აისახება - პირველ რიგში იმიტომ, რომ ქვეყნის სტატისტიკაში არ აისახება მეტი საინვესტიციო დავა, მეორე - ინვესტორებს უჩნდებათ განცდა, რომ სახელმწიფო მათ მოთხოვნებს სერიოზულად უდგება და იღებს მხედველობაში, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ინვესტორი დავას იწყებს უბრალოდ იმისთვის, რომ ზეწოლა განახორციელოს სახელმწიფოზე და მაგალითად, საერთოდ არ აქვს იმ ტრიბუნალს იურისდიქცია, მაგრამ ურჩევნია დასაწყისში ხარჯები გაიღოს, რათა სახელმწიფოზე გავლენა მოახდინოს. ამ შემთხვევაში, რამდენად მიზანშეწონილია, დათანხმდეს სახელმწიფო ინვესტორს და მოლაპარაკებით დაასრულოს ასეთი დავა, შეიძლება ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილი არ იყოს ანუ ყოველ ქეისს შესაბამისი ანალიზი სჭირდება.

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან BMG-მ გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია როგორც დავების რაოდენობაზე, ისე მათ სტატუსზე ანუ მოვიგეთ თუ წავაგეთ და წაგება-მოგების შემთხვევაში, შესაბამისად, რამდენი მილიონის გადახდა მოუწიათ გადასახადების გადამხდელებს ან პირიქით - მოგებული დავებიდან რა თანხა შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა სახელმწიფო უწყებამ სრულყოფილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა. როგორია ამ მხრივ საერთაშორისო პრაქტიკა ანუ რამდენად საჯაროა ინფორმაცია, მაგალითად, საინვესტიციო არბიტრაჟებში წაგებულ ან მოგებულ თანხებზე?

- ადმინისტრაციული და კონსტიტუციური კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას რა ევალება, ამაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით... ზოგადად კი, ეს დიდი პრობლემაა ყველგან; ამას სახელმწიფოები უფრო და უფრო აღიარებენ, რომ საინვესტიციო დავებში, განსხვავებით სრულად კომერციული დავებისგან, როცა ორივე მხარე კერძო კომპანიაა, დიდი საჯარო ინტერესი არსებობს და ბოლო დროს დაიწყო დიდი მოძრაობა, რომ გასაჯაროვდეს საინვესტიციო დავების შესახებ ინფორმაცია. ამან დიდი შედეგი გამოიღო 2014 წელს - გამოჩნდა ე.წ. მავრიკის კონვენცია, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ გარკევულ შემთხვევებში სახელმწიფოები ინვესტორებთან მიმდინარე საერთაშორისო დავებს გაასაჯაროებენ. აღსანიშნია, რომ საქართველო არაა კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მავრიკის კონვენციას არ ჰყავს ბევრი ხელშემკვრელი სახელმწიფოდა საქართველო რომც გახდეს მისი წევრი, შეიძლება, დიდი პრაქტიკული შედეგი ვერ აჩვენოს... გარდა ამისა, ამ მოძრაობის მეორე ფლანგი არის გაერო-ში მიმდინარე მოლაპარაკებები, სადაც როგორც ვიცი, საქართველო აქტიურადაა ჩართული, რაც გულისხმობს, ზოგადად, საინვესტიციო არბიტრაჟების სისტემის რეფორმას და ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საჯაროობა და გამჭვირვალეობაა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები