რა რაოდენობის ვაქცინაა დღეს ხელმისაწვდომი საქართველოში და როდის უნდა ველოდოთ ქვეყანაში „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინის დამატებით დოზებს - ეს კითხვები ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს დაუსვეს, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანას ამ დროისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზა და სხვა წარმოების ვაქცინების 1.5 მლნ დოზა აქვს. რაც შეეხება დამატებითი დოზების შემოტანას, უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარე ან მომდევნო კვირაში დასრულდება.
„მოლაპარაკება ახალ პარტიაზე „ფაიზერთან“ დაწყებული გვაქვს და გვპირდებიან, რომ ვაქცინა შეთანხმებიდან 4 -6 კვირის განმავლობაში ჩამოვა. ამასთან „ფაიზერთან“ დაკავშირებით ისინი მუშაობენ ახალი ვაქცინის ტიპზე, რომელიც „ომიკრონის“ შემთხვევაში დამცავი იქნება, ამიტომ გაგვეწელა,“ - განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში არსებული ვაქცინების დოზების ათვისებისთვის უწყება სარეკლამო კამპანიის გააქტიურებას გეგმავს, რაც როგორც ვიდეორგოლების გავრცელებას, ასევე მობილური ჯგუფების რეგიონებში ჩასვლას და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციას მოიცავს.
„აქედან გამომდინარე, ვაქცინაციის კამპანია კიდევ უფრო გასააქტიურებელია. მიმდინარე კვირის ბოლოდან იმ რეგიონებში, სადაც ხელმისაწვდომი ვაქცინაცია ნაკლებად იყო, ჩვენი 30-დან 40-მდე მობილური ჯგუფი გავა სხვადასხვა რეგიონში და ადგილზე შესთავაზებს ვაქცინაციას. ასევე, ვიწყებთ აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას ამასთან დაკავშირებით. კარგად მოხდება იმის ახსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას და იცით, რომ დამატებით ვაქცინაციაზე დავიწყეთ სამოტივაციო სისტემაც - 200 ლარს ვიხდით 50 წელს ზევით ვაქცინირებულებისთვის და მესამე დოზის შემთხვევაში - 100 ლარს. ეს ყველაფერი ერთობლიობაში, ვფიქრობთ, 500 000 დოზა „ფაიზერის“ გახარჯვის საშუალებას მოგვცემს, პარალელურად სხვა ვაქცინების. ეს არის, რაც დავგეგმეთ მასიური კომუნიკაციის და ადგილზე ჩასვლის კუთხით, ისე ყოველდღიურად 7-დან 8 ათასამდე ისედაც კეთდება. ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველანაირი საკომუნიკაციო კამპანია იქნება“, - თქვა მინისტრმა.