მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შემცირდეს სიღარიბე - ნობელის პრემია სამ მეცნიერს

5da46877e2ffe
მიხეილ ხაჩიძე
14.10.19 19:00
1817
2019 წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია სამ მეცნიერს გადაეცა. აბჰედჯიდ ბანერჯს, ესტერ დიუფლოსა და მაიკლ კრემერს, ნობელის პრემია სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი ექსპერიმენტული მეთოდის შემუშავებისთვის მიენიჭათ.

დღეს მათ მიერ შექმნილ მოდელებს იყენებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო ბანკი.

"ლაურეატთა მიერ ჩატარებულმა კვლევებმა და მათ მიერ შემუშავებულმა მეთოდოლოგიამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენს შესაძლებლობებს გლობალური სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში. ექსპერიმენტულმა მიდგომამ, რომელიც მათ დახვეწეს "განვითარების ეკონომიკის" (ეკონომიკის ქვედარგი "Development economics") დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი", - ნათქვამია Twitter-ზე ნობელის პრემიის კომიტეტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ტვიტში.

მიდგომა, რომლისთვისაც მეცნიერებმა პრიზი მიიღეს, მსოფლიოში სიღარიბის პრობლემის მრავალშრიან ასპექტებად დაყოფას და თითოეულ შემადგენელ ნაწილში პრობლემების გამოკვეთას და აღწერას გულისხმობს. ”მათ აჩვენეს, რომ პატარა, სპეციფიკურ კითხვებზე პასუხის გაცემა უფრო ადვილია პრობლემის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა ყურადღებით შექმნილი ექსპერიმენტებით,” - ნათქვამია ნობელის კომიტეტის პრესრელიზში.

სამივე მეცნიერი აშშ-ში მუშაობს. ბანერჯი და დიუფლო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) ასწავლიან, ხოლო კრემერი - ჰარვარდის უნივერსიტეტში. აღსანიშნავია, რომ დიუფლო ისტორიაში მეორე ქალია, რომელმაც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო. გარდა ამისა, ის ამ ჯილდოს უმცროსი გამარჯვებულია - დიუფლო 1972 წელს დაიბადა.

მანამდე ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგში დასახელდნენ.

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში 1969 წლიდან გაიცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები