მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ადაპტირდა ხელოვნების ინდუსტრია COVID-პანდემიასთან ?

607d45051bd39
თათია კაკიაშვილი
19.04.21 21:58
841
2020 წლის მარტიდან ბროდვეიზე და მსოფლიოს უმეტეს რეგიონებში თეატრები ჩაიკეტა, გაუქმდა მუსიკალური ფესტივალები, ბალეტის ვარსკვლავებს კი მუშაობა და ვარჯიში სახლში მოუწიათ - კულტურისა და შემოქმედებითი სექტორები ერთ-ერთია სხვა სფეროებთან ერთად, რომლებიც COVID-პანდემიის შედეგად დაზარალდა.

ცხადია, ფინანსური გავლენაც საკმაოდ დიდია - Weforum-ის ცნობით, 2020 წლის ბოლოს დიდ ბრიტანეთში საშემსრულებლო ხელოვნების შემოსავლები მკვეთრად შემცირდა, ბილეთების გაყიდვებმა 90%-ზე მეტად იკლო. ხოლო აშშ-ში მუსიკოსების 27% 2020 წლის ბოლო კვარტალში უმუშევართა რიგს შეუერთდა.

თუმცა, ამ მძიმე ფონის მიუხედავად, როგორც ჩანს, ხელოვნების ინდუსტრიას პანდემიამდელ რელსებზე დაბრუნება სურს. სხვა მრავალი სექტორის მსგავსად, აქაც COVID-პანდემიასთან ადაპტაცია გარდაუვალი გახდა. სწორედ ტექნოლოგიების დამსახურებით, მსოფლიოს მრავალი თეატრი სპექტაკლებს ონლაინ, პირდაპირ ეთერში სთავაზობს მაყურებელს, ზოგ ქვეყნებში კი პერფორმანსებზე რეგულაციების დაცვით მცირე აუდიტორიის დასწრება შესაძლებელია. როგორ მოახერხეს თეატრების ადმინისტრაციებმა გადარჩენა? ყველამ - სხვადასხვა გზით:

მაგალითად, ბერლინის თეატრებში ერთგვარი ექსპერიმენტი იყო მაყურებლისთვის ბილეთის შეძენასთან ერთად კოვიდ-ტესტის უფასოდ ჩატარება, რომლის თეატრის ადმინისტრაციისთვის წარდგენაც ყველა მაყურებლისთვის სავალდებულოა. ამ მეთოდს ბერლინის თეატრებთან ერთად, იყენებენ ოპერაში, სიმფონიური ორკესტრებისა და როკ-კონცერტებზე. ამასთან, ცოცხალი მუსიკალური შოუები იმართება ქალაქის ცენტრში - ჰოლცმარკტში, სადაც, ბუნებრივია, დამსწრე საზოგადოებისთვის, ისევე როგორც კონცერტების ორგანიზატორებისთვის, პირბადეების ტარება და დისტანციის დაცვა სავალდებულოა.

რაც შეეხება ისრაელს, ამ დროისთვის ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი თანდათან მცირდება. ისრაელის ხელისუფლებამ კარგა ხანია, წამოიწყო კამპანია სახელწოდებით “ოპერაცია - სიცოცხლის დაბრუნება”, რომლის ფარგლებში აცრილ და კოვიდგადატანილ მოსახლეობას ე.წ. Green Pass-ი ეძლევათ. სწორედ ამ საბუთით მოქალაქეები შედიან თეატრებში, ესწრებიან კინოჩვენებებს და კულტურულ ღონისძიებებს. ასე რომ, Green Pass-ი პრაქტიკულად არის საშვი, რომლის დაბეჭდვა ან გამოყენება შესაძლებელია აპლიკაციის მეშვეობით და მოქმედებს ვაქცინის პრეპარატის მეორე დოზის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში. მარტის დასაწყისში საშვი 500-მა ადამიანმა გამოიყენა და ისინი ივრი ლაიდერის კონცერტს დაესწრნენ. ამ გზით, ისრაელის მთავრობა იმედოვნებს, რომ Green Pass-ი უფრო მეტ ახალგაზრდას ჩართავს იმუნიზაციის პროგრამაში. ამასთან, Green Pass-ის მსგავსი ინიციატივები უკვე განიხილება სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობისთვის.

მართალია, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კინოთეატრები ხელახლა გაიხსნა, მაგრამ ბუნებრივია, უსაფრთხოების მრავალი ზომა გათვალისწინებულია. მაგალითად, ჰოლივუდში, კალიფორნიის ელ კაპიტანის თეატრში კარები, მოაჯირები და სხვა ზედაპირები რეგულარულად იწმინდება სამედიცინო ხარისხის სადეზინფექციო საშუალებებით. თეატრში განთავსებულია ხელის სანიტაიზერებიც.

თანდათანობით იხსნება თეატრები ამერიკის სხვა ქალაქებშიც. ეს კი დიდი შეღავათია იმ ფონზე, როცა 2020 წლის პირველ ნახევარში გლობალურმა კინოინდუსტრიამ მილიარდობით დოლარის ოდენობით შემოსავალი დაკარგა. შედეგად, ბევრ კინოთეატრში ფილმების გაშვება გაურკვეველი დროით გადაიდო. თუმცა, საბედნიეროდ, ამან კინომოყვარულებს ფილმების დიდ ეკრანზე ნახვაში ხელი არ შეუშალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები