მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებენ ქართულ „შავ პარასკევს“ ბიზნესები?

61a52284147c1
თათია ჩაფიჩაძე
29.11.21 23:41
814
„შავ პარასკევს“ „თბილისი მოლი“ 38 ათას მომხმარებელს მოემსახურა. სავაჭრო ცენტრი 09:00-დან 00:00 საათამდე მუშაობდა. როგორც bm.ge-ს „თბილისი მოლის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, ეს მაჩვენებელი, დაახლოებით 2 ათასით აღემატებოდა 2020 წლის მაჩვენებელს და 4 ათასით ჩამორჩებოდა 2019 წლის პანდემიამდელ მონაცემებს. მოლში წარმოდგენილ ბრენდებზე ფასდაკლებები 20%-დან 70%-მდე მერყეობდა.

50%-ის ფარგლებში მერყეობდა ფასდაკლებები „ისთ ფოინთში“, სადაც „შავი პარასკევის“ შედეგებს ჯერ ისევ ითვლიან.

„რიტეილ გრუპ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი რეზო მაღალაშვილი კი ამბობს, რომ წლევანდელმა მაჩვენებლებმა ეროვნულ ვალუტაში 2019 წლის მაჩვენებლებს 5%-ით გადააჭარბა, ხალხის რაოდენობა კი ჩვეულებრივ პარასკევ დღეს, დაახლოებით 6-ჯერ აჭარბებდა.

“ჩვენ ეროვნულ ვალუტაში 5%-ით გადავაჭარბეთ 2019 წლის „შავ პარასკევის“ შემოსავლებს, რაც სასიხარულოა. ბრუნვის მოცულობა კონფიდენციალურია, თუმცა დაახლოებით, 6-ჯერ აჭარბებდა ჩვეულებრივ პარასკევ დღეს. „რიტეილ გრუპ ჯორჯიას“ 21 ბრენდი აქვს და ყველას სხვადასხვა შეთავაზება ჰქონდა, ზოგან იყო მხოლოდ პარასკევს, ზოგან სრულ „უიქენდზე“, ზოგან - მთელი კვირა. არიან კომპანიები, რომლებსაც ნაკლებად აგრესიული ფასდაკლებები ჰქონდათ. არიან ისეთები, რომლებიც უფრო მიმზიდველ ფასდაკლებებს სთავაზობდა მომხმარებელს, თუმცა ისეთი მოლოდინებიც არის საზოგადოებაში, რომელიც ნაკლებად რეალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. 50%-მდე ფასდაკლება იყო ზოგან კოლექციების მესამედზე, ზოგან სრულ კოლექციაზე - 30%. კვლევა არ ჩაგვიტარებია თუმცა ნაკადებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მომხმარებლები კმაყოფილები დავტოვეთ“, - განაცხადა bm.ge-თან საუბრისას მაღალაშვილმა.

40%-დან 50%-მდე ფასდაკლება ჰქონდა გამოცხადებული ტექნიკის მაღაზია „ბეკოს“. „ბეკო საქართველოს“ წარმომადგენელი მეჰმედ მელეკი ამბობს, რომ ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით 3-ჯერ მეტი მომხმარებელი ჰყავდათ, თუმცა კონკრეტული რიცხვები და ბრუნვის მაჩვენებელი ამ ეტაპზე დათვლილი არ აქვთ.

2019 წლის მაჩვენებელს დაეწია გაყიდვები მაღაზიათა ქსელ „ჰოუმში“, სადაც სრულ კოლექციაზე 10%-დან 20%-მდე ფასდაკლება მოქმედებდა. როგორც „ჰოუმის“ დამფუძნებელი მაყვალა როგავა bm.ge-თან აცხადებს, ყველაზე დიდი მოთხოვნა საახალწლო პროდუქციაზე იყო.

„გიორგობიდან დავიწყეთ ფასდაკლებები, თუმცა „შავმა პარასკევმა“ აჯობა. ცოტა  ხელი შეგვეშალა „თბილისი გალერეაში,“ სადაც საღამოს ევაკუაცია გამოცხადდა, დანარჩენი ყველგან რიგები იდგა, რადგან ვიცავდით რეგულაციებს. ჩვენდა გასაკვირად, დავეწიეთ 2019 წლის მაჩვენებლებს, 2020-ს საერთოდ არ ვთვლით იმიტომ, რომ მკაცრი რეგულაციების გამო, ფაქტობრივად, არ გვიმუშავია. ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო საახალწლო პროდუქციაზე“, - აცხადებს როგავა.

წელსაც 50%-იანი ფასდაკლებები ჰქონდათ გამოცხადებული სააფთიაქო ქსელებს. როგორც კომპანია PSP-ში აცხადებენ, 70-მდე ბრენდზე გაანახევრეს ფასები, რამაც ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, მომხმარებლის რაოდენობა გააორმაგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები