გერმანულმა MHB BANK-მა Raisin Bank-ის(Raisin ქართულად ქიშმიშს ნიშნავს) სახელით დაიწყო მუშაობა, ამის შესახებ ფინტექ კომპანია Raisin-ის დამფუძნებელმა თამაზ გიორგაძემ BM.GE-თან საუბრისას განაცხადა. როგორც გიორგაძე ამბობს, ფრანკფურტში დამატებით 45 თანამშრომლის დაქირავება მოხდა. შესყიდვის შესახებ BM.GE-თვის ცნობილი მიმდინარე წლის აპრილში გახდა, როცა Raisin-ის ქართველი დამფუძნებლები რეგულატორისგან თანხმობას ელოდებოდნენ.
“შესყიდვის პროცესი დასრულებულია, ბანკს გადავარქვით სახელი და Raisin Bank დავარქვით. ბანკი უკვე ახალი სახელით აგრძელებს მუშაობას. საინტერესოა ის რომ უკვე ინვესტიციებს ვახორციელებთ ბანკში. ვდებთ ინვესტიციებს ბანკის ტექნოლოგიებში ახალი საბანკო სისტემების შეძენაზე,“-აცხადებს კომპანია Raisin-ის დამფუძნებელი თამაზ გიორგაძე.
როგორც გიორგაძე ამბობდა, საბანკო ლიცენზიის არქონა მათი კომპანიისთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა ევროპაში გაფართოვების პროცესში. Raisin Bank-მა საბანკო ლიცენზიის აღების შემდეგ ახალი, კერძოდ, ირლანდიის ბაზრის ათვისებაც მოახერხა.
“ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა იყო ირლანდია, რომლის ბაზარზეც ვერ შევდიოდით იმის გამო, რომ საბანკო ლიცენზია არ გვქონდა. ახლა ამ საბანკო ლიცენზიით და ბანკის სახელით შევედით ირლანდიის ბაზარზე და Raisin Bank აწვდის ჩვენს სერვისს მომხმარებლებს ირლანდიის ბაზარზე უკვე თვეზე მეტია
,-ამბობს კომპანია Raisin-ის დამფუძნებელი თამაზ გიორგაძე.