მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ითვლის საქსტატი ემიგრანტების რიცხვს - გოგიტა თოდრაძე

5eac5168caf43
ნინი ლონგურაშვილი
01.05.20 23:00
1083
2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3,716,900 ადამიანს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

უწყების განმარტებით, მოსახლეობის შემცირება მოხდა იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში დაბადებულთა რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე მაღალი იყო, თუმცა ეს მაჩვენებელი არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა უარყოფითი მიგრაციული სალდო დაებალანსებინა.

“საქმიანი დილის” ეთერში “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მიგრანტებისა და ემიგრანტების დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა.

“იმიგრანტებისა და ემიგრანტების დათვლისას, ჩვენ ვეფუძნებით საზღვრის კვეთის მონაცემებს, და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, მონაცემებს ახასიათებს ძალიან მაღალი საიმედოობა, აქედან გამომდინარე ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს მონაცემები არის რეალური", – ამბობს გოგიტა თოდრაძე.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (1 637) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-8 243). ამასთან, 2019 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 105,107 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 9.9 პროცენტით გაიზარდა და 96,864 შეადგინა. შესაბამისად, მიგრაციული სალდო -8,243 იყო.

საქსტატის მიხედვით, იმიგრანტების 85.3 პროცენტი და ემიგრანტების 84.9 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

2019 წელს იმიგრანტების 56.2 პროცენტს და ემიგრანტების 78.0 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

მოსახლეობის ასაკობრივი განაწილება კი ასეთია:

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.4 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.5 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი - 15.1 პროცენტს.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობამ 1 790.3 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით შემცირდა და 1 926.6 ათასი შეადგინა. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.0 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენს.

წინა წელთან შედარებით 2019 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.1 ერთეულით გაიზარდა და შეადგენს 74.1 წელს, მათ შორის მამაკაცებისათვის - 69.8 წელს, ხოლო ქალებისათვის - 78.4 წელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები