მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოხვდა 23 წლის ქართველი ახალგაზრდა Google-ში?

5f4679ddb8add
თამთა ჯიჯავაძე
27.08.20 00:05
5780
Google-მა კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა დაასაქმა. საუბარია 23 წლის ზაურ მეშველიანზე. ის მსოფლიო საძიებო სისტემის მიუნხენის ოფისში იმუშავებს.

ზაურ მეშველიანი, რომელმაც თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა, Google-ში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად იმუშავებს, თუმცა სტუდენტობიდან მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიამდე, მან სამუშაო გამოცდილება რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიაში დააგროვა.

„კომპანია Justi Venture-ში ნახევარ გააკვეთზე ვმუშაობდი C++ Developer-ად. მიწევდა Desktop აპლიკაციის წერა. ასევე, ვიყავი ნახევარ განაკვეთზე Rubean-შიც Security Software Engineer-ად 2019-ის აპრილიდან 2020-ის ივნისამდე, მიწევდა MPOS დანადგარებისთვის (მობილური გადახდის აპარატებისთვის) PIN-ის უსაფრთხო შეყვანის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ზაურ მეშველიანმა Forbes Georgia-სთან საუბრისას. 

როგორც ზაური ამბობს, Google-ში მუშაობის დაწყება მისთვის კარიერულ განვითარებას ნიშნავს და იმედი აქვს, რომ ეს გამოცდილება მისთვის სასურველ უნივერსიტეტში ჩააბარებაში დაეხმარება, თუმცა ჯერ არ ასახელებს კონკრეტულ სასწავლებელს, სადაც ცოდნის გაღრმავებას გეგმავს.

23 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი Google-ში დასაქმების პროცედურებზეც გვიყვება:

„Linkedin-ზე მომწერა Google-ის რეკრუტერმა, შემომთავაზა, რომ დაგვეწყო ინტერვიუების სერია. პირველ ინტერვიუზე ამავე რეკრუტერმა დამისვა მარტივი ტექნიკური კითხვები. მეორე ტურიც დისტანციურად ჩამიტარდა, რომელიც გავიარე Google-ის თანამშრომელ დეველოპერთან; მქონდა 45 წუთი ერთი ალგორითმული ამოცანის გადასაჭრელად. ამოცანა უნდა ამომეხსნა მაქსიმალურად ოპტიმალურად, ამეხსნა ინტერვიუერისთვის და დამეწერა არაკომპილირებადი კოდი, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იყო მუშა კოდთან.

მესამე ტური უკვე ტარდება ადგილზე, Google-ის რომელიმე ოფისში, ჩემ შემთხვევაში მიუნხენში. მიყოლებით ტარდება ხუთი ინტერვიუ, თითოეული გრძელდება 45 წუთს. ამ ხუთიდან ოთხი ინტერვიუ არის ტექნიკური ხასიათის და ერთი ქცევითი - სადაც კითხვები დამისვეს ძირითადად სამუშაო გამოცდილებაზე -  რა პრობლემები შეგქმნია? როგორ გადაჭერი? ამ სიტუაციაში რას იზამდი? და ა.შ.“, – აღნიშნა უკვე Google-ის თანამშრომელმა.

აღსანიშნავია, რომ ზაური იმუშავებს Chrome OS Security & Privacy-ის გუნდში Software Engineer-ის პოზიციაზე.

ცნობისთვის: Google-ის სათაო ოფისი კალიფორნიაში მდებარეობს, თუმცა ყველაზე მსხვილ და პოპულარულ საძიებო სისტემას ოფისები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები